18/12/2024
11:46
მსოფლიო
აშშ-ის მომავალ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სურს, რუსეთ-უკრაინის ომის საკითხის გადასაჭრელად სწრაფად იმოქმედოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Le Parisien-თან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ტრამპმა ასევე იცის, რომ უკრაინას დანებება და ომის გაყინვა არ უნდა.
„ტრამპმა იცის ჩემი სურვილი, არსად ვიჩქარო უკრაინის საზიანოდ. ქვეყანა დიდი ხანია, თავისი სუვერენიტეტისთვის იბრძვის. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენ პრეზიდენტს თუ პრემიერ-მინისტრს სურს ომის დასრულების შესახებ განაცხადოს, ჩვენ არ ვაპირებთ უბრალოდ დანებებას და ჩვენი დამოუკიდებლობის დათმობას. საშიშროება იქნება იმის თქმა, რომ ჩვენ გავყინავთ ომს და მივაღწევთ შეთანხმებას რუსებთან“, - განაცხადა მან 7 დეკემბერს პარიზში ტრამპთან შეხვედრის დროს გამართული მოლაპარაკების შესახებ საუბრისას.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ტრამპს ყველა საჭირო ინფორმაციაზე წვდომა ჯერ არ აქვს, რადგან თეთრ სახლში ჯერ არ იმყოფება. საუბარია დაზვერვის მონაცემებზე, თავდაცვის სამინისტროზე, გარკვეულ დიპლომატიურ არხებზე და ა.შ.
„როდესაც ის იქ იქნება, ჩვენ შევძლებთ, ვისაუბროთ ერთ ენაზე, ერთნაირი დონის ინფორმაციით“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებები, რომლებიც აშშ-ში დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლით მოხდება, უკრაინის სასარგებლოდ იყოს. კერძოდ, კიევს ვაშინგტონის მხრიდან უფრო ძლიერი მხარდაჭერის იმედი აქვს.
„ჩვენი გუნდები უკვე მუშაობენ პრეზიდენტ ტრამპის გუნდებთან. ჩვენ ავაშენებთ ურთიერთობებს ახალ ადმინისტრაციასთან, ეს იქნება ჩვენი პრიორიტეტი. აშშ იყო და არის ჩვენი მთავარი დონორი ამ ომში, თუმცა, უკრაინისთვის, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ევროპაც და შეერთებული შტატებიც მნიშვნელოვანია. ჩვენ არავის ვაყენებთ სხვებზე მაღლა“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ და დაამატა, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია გავლენა მოახდინოს რუს დიქტატორ ვლადიმერ პუტინზე.
0
0