აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპი მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში საპრეზიდენტო თვითმფრინავს ფერებს შეუცვლის. ინფორმაციას ამის შესახებ Politico ავრცელებს.
გამოცემა იუწყება, რომ ტრამპი აპირებს საპრეზიდენტო თვითმფრინავი მისთვის საყვარელ წითელ, მუქ ლურჯ და თეთრ ფერებში შეღებოს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან რთული და ძვირი იქნება.
დღესდღეობით ამერიკის საპრეზიდენტო თვითმფრინავი თეთრ ცისფერ და ღია ცისფერ ფერებშია. ფერთა ასეთი გამა პრეზიდენტ ჯონ კენედის დროიდან მოდის. ტრამპი თვითმფრინავის ფერების შეცვლაზე ჯერ კიდევ მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს ფიქრობდა. 2019 წელს მან ტელეარხ ABC-ს წამყვანს ჯორჯ სტეფანოპულოსს უთხრა, რომ თვითმფრინავისთვის დიზაინის შეცვლა უნდოდა.
ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალები ორი Boeing 747-800 ტიპის საპრეზიდენტო თვითმფრინავის მოდიფიკაციაზე მუშაობს. მათი მიწოდება ქვეყნის პირველი პირისთვის 2026 და 2027 წლებში იგეგმება, თუმცა, უკვე ცნობილია, რომ ისინი ტრადიციულად თეთრად, ცისფრად და ღია ცისფრად იქნება შეღებილი.
0
0