22/11/2024
14:27
პოლიტიკა
ტრამპს ამერიკელმა ხალხმა უფრო მეტი ხმა მისცა იმის გამო, რომ მის წინააღმდეგ საქმეები ჩათვალეს უსამართლოდ და აქ ისე ვარ, თითქოს, არ ვიჯდე, სადამდე უნდა ვიყო გამომწყვდეული ასე უსამართლოდ?, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ახლა მთავარია მეტი გამბედაობა, მეტი მიწოლა, ბრძოლისუნარიანობის ჩვენება.
იმ დღეს ერთ-ერთი გამოჩენილი პოლონელი პოლიტიკოსი გამოდიოდა მოედანზე და ჩემი თავისუფლება როდესაც მოითხოვა – რასაც ბევრი გვერდს უვლის ხოლმე, ხალხმა ტაში დაუკრა. მინდა, თითოეულ ადამიანს ვუთხრა მადლობა, რადგან ხალხმა მშვენივრად იცის, რომ აქ ვარ საერთოდ არაფრის გულისთვის, უდანაშაულოდ, უსამართლოდ, მალპობენ ამ ოთხ კარში, გისოსებში მამყოფებენ ოთხი წელიწადია, როცა ამდენი სარგებლის მოტანა შემეძლო საქართველოსთვის.
იცით, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ძალიან ბევრმა პოლიტიზებულმა პროკურორმა და მოსამართლემ აღძრა საქმეები. იქ ამერიკის ხალხმა მოახდინა რეაქცირება, უფრო მეტი ხმა მისცა იმის გამო, რომ მის წინააღმდეგ აღძრული საქმეები ჩათვალეს უსამართლოდ და აქ ისე ვარ, თითქოს, არ ვიჯდე, თითქოს ადამიანი არსებობდა და აღარ არსებობს. სადამდე უნდა ვიყო გამომწყვდეული ასე უსამართლოდ, არაფრის გამო? ამიტომ, ახლა ყველას გვაქვს ისტორიული პასუხისმგებლობა. ძალიან ვამაყობ იმ ხალხით, ვინც ქუჩაში დგას, ვიცი, რომ ბევრს აქვს ამისი სურვილი, ამიტომ წინააღმდეგობის კერა არ უნდა განელდეს. ჩვენი ამოცანაა, არ დავიღალოთ, ვიცოდეთ, რომ ახლა თუ დავიღლებით, ხელებს ჩამოვუშვებთ, ხვალ და ზეგ ამას ძალიან, ძალიან, მწარედ ვინანებთ, რადგან ქვეყანა აღარ გვექნება, ალისკას მოუხდება წასვლა უცხოეთში. ბებიაჩემი თამარა აბაშიძე ტიროდა, როდესაც ზვიად გამსახურდიამ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა და მისი ცრემლი არავის უნახავს მაშინ, როცა მისი მამა გაანადგურეს, მისი ძმა დახვრიტეს, ქმარი დაიჭირეს და გადაასახლეს. მაშინ არ უტირია და პირველად ვნახე მისი ცრემლი, სავარძელში ჩამჯდარი ტელევიზორის წინ როგორ ტიროდა, რადგან ის იყო მომსწრე საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის. დღეს რომ ის ცოცხალი ყოფილიყო, მეტი ცრემლები ექნებოდა. საქართველოს სჭირდება ბრძოლა, ჩვენ ვიბრძვით ბოლომდე. საკუთარი თავი გადავდე და ჩემი სიცოცხლე ჩავაგდე საფრთხეში სწორედ იმის გამო, რომ ვხედავდი, ქვეყანას ვკარგავდით. მოვუწოდებ ყველას, ჩემი ბედი ნუ შურთ, რადგან არაფერი შესაშური ამაში არ არის, მე ვარ ჩამოცილებული ჩემს შვილებს, სახლს, საქართველოსაც და უკრაინასაც, მაგრამ ერთი წამით არ დავკარგავ ბრძოლის ჟინს, ვიდრე პირში სული მიდგას, აზროვნება შემიძლია, სიცოცხლის ნიშანსვეტი შემრჩენია. აქ ყველაფერი წყდება, წყდება საქართველოს ბედი, უკრაინის ბედი, წყდება ჩვენი თავისუფლების, ჩვენი ყოფნა-არყოფნის ბედი.
ერთიანობა, ერთობლივი სამოქალაქო სექტორის სრული ძალისხმევა, ახალგაზრდობის, ყველა პოლიტიკური პარტიის, რომელსაც მართლა სამშობლო უყვარს, ყველანაირი ბრაზის და ბოღმის ერთმანეთზე გვერდზე გადადება – ეს ყველაფერი მოხერხებულია და ასეც არის. ახლა მთავარია მეტი გამბედაობა, მეტი მიწოლა, ბრძოლისუნარიანობის ჩვენება და, დარწმუნებული ვარ, უცხოელების მხარდაჭერაც გვექნება სწორედ ამ პირობებში. ტრამპის ადმინისტრაციის მხარდაჭერა გვექნება. კარგად ვიცნობ იმ ხალხს, ვინც ახლა მოდის ადმინისტრაციაში ამერიკაში, ისინი თავისუფლების მხარეს არის და იქნებიან, როდესაც თვითონ გაქვს თავი ამ თავისუფლებისთვის ბრძოლის და თუ არა გაქვს, ორ წუთში მოგიშორებენ. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, ვიბრძოლოთ, მიუხედავად ამხელა უსამართლობისა, რომელიც აქვთ ჩემ წინაშე. მოვუწოდებ ყველა ჩემს მომხრეს, იყოს აქტიური“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
0
0