08/03/2026
13:59

ირანის სამხრეთში, მინაბში მდებარე გოგონათა სკოლაზე განხორციელებულ დარტყმაზე თეირანია პასუხისმგებელი, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტებთან საუბრისას.
„იმის მიხედვით, რაც მე ვნახე, ეს ირანელებმა გააკეთეს“, - უპასუხა აშშ-ის ლიდერმა პრესის ერთ-ერთი წარმომადგენლის კითხვას.
ამის შემდეგ ჟურნალისტმა პენტაგონის ხელმძღვანელს, პიტ ჰეგსეტს მიმართა და ჰკითხა, შეესაბამებოდა თუ არა ეს განცხადება სიმართლეს. მან უპასუხა: „ჩვენ ვატარებთ გამოძიებას, თუმცა ერთადერთი მხარე, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობაზე ახორციელებს დარტყმებს, ირანია“.
ტრამპმა დაამატა: „ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს ირანელებმა გააკეთეს... როგორც იცით, მათი საბრძოლო მასალა ძალიან არაზუსტია. მათ საერთოდ არ გააჩნიათ სიზუსტე“. თავისი სიტყვების დასადასტურებლად მას არანაირი მტკიცებულება არ მოუყვანია.
მინაბში მდებარე გოგონათა სკოლა ცეცხლის ქვეშ 28 თებერვალს მოხვდა. ვრცელდება ცნობები 180-ზე მეტი დაღუპულის შესახებ.
ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, თეირანმა მომხდარში ვაშინგტონი დაადანაშაულა. ამერიკული გამოცემები, მათ შორის The New York Times-ი, Reuters-ი და CNN-ი იტყობინებოდნენ, რომ დარტყმასთან შესაძლოა აშშ-ის სამხედროები ყოფილიყვნენ დაკავშირებულნი.
კერძოდ, The New York Times-ი წერდა, რომ აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების სამიზნე მინაბში მდებარე ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის ბაზა იყო, ხოლო სკოლაზე დარტყმა, შესაძლოა, შეცდომით განხორციელდა.“
0
0