16/12/2024
11:39
მსოფლიო
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის ახლადარჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სირიაში განვითარებულ მოვლენებსა და ,,ჰამასის“ მიერ ღაზაში მყოფი ისრაელელი და უცხოელი მძევლების გათავისუფლების გზებზე ესაუბრა.
ნეთანიაჰუს ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი ტრამპისთვის ერთ-ერთი მთავარი საგარეო პოლიტიკური გამოწვევა იქნება, როდესაც ის თანამდებობას დაიკავებს, თუ ის, 20 იანვარს, ფიცის დადებამდე, არ მოგვარდება.
,,ტრამპს მძევლების გათავისუფლების გზებზე ვესაუბრე. განვიხილეთ ამ კონფლიქტის ისრაელის გამარჯვებით დასრულების აუცილებლობა და ვრცლად ვისაუბრეთ იმ ძალისხმევაზე, რომელსაც ჩვენი მძევლების გასათავისუფლებლად არ ვიშურებთ. ასევე მიმოვიხილეთ სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის დამხობის შემდეგ შექმნილი სიტუაცია. ჩვენ არ ვართ სირიასთან კონფლიქტით დაინტერესებულნი. სირიაში ისრაელის მიერ მიღებული ზომები მიზნად ისახავდა სირიიდან პოტენციური საფრთხის აღკვეთას და ტერორისტული ელემენტებისთვის ჩვენი საზღვრის ტერიტორიის ხელში ჩაგდების ხელის შეშლას“, - თქვა ნეთანიაჰუმ.
როგორც ცნობილია, დეკემბრის დასაწყისში ტრამპმა თქვა, რომ ახლო აღმოსავლეთში „ჯოჯოხეთი დატრიალდება“, თუ მის თანამდებობაზე დანიშვნამდე მძევლები არ გაათავისუფლდებიან.
ტრამპის პრესსპიკერმა სატელეფონო საუბართან დაკავშირებით Reuters-თან დამატებით დეტალებზე არ ისაუბრა.
0
0