
Politico წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ზოგიერთი ევროპელი ჩინოვნიკი აღშფოთდა იმით, რომ ნიდერლანდებში ნატოს სამიტზე ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისადმი გადაჭარბებული „მლიქვნელობა“ გამოავლინეს.
„დიახ, სამიტი მთლიანობაში წარმატებულად ჩატარდა. თუმცა, ეს მლიქვნელობა ყველა გონივრულ ზღვარს გასცდა. ამ ყველაფერმა უხერხულობამდე მიგვიყვანა“, - განუცხადა ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა Politico-ს.
გამოცემაში ნახსენებია ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადება, რომელშიც მან ტრამპს „მამიკო“ უწოდა, როდესაც მას ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაზე კომენტირება სთხოვეს. ტრამპმა ისრაელი და ირანი „სკოლის ეზოში მყოფ ორ ბავშვს“ შეადარა და თქვა, რომ ეს ქვეყნები „იმდენ ხანს და იმდენად სასტიკად იბრძვიან, რომ ვეღარ ხვდებიან, რას აკეთებენ“.
„მამიკოს ხანდახან მკაცრი ენის გამოყენება უწევს კონფლიქტის შესაჩერებლად“, - თქვა რუტემ.
მოგვიანებით, გენერალურმა მდივანმა სრულიად უარყო, რომ ტრამპს ,,მამიკო’’ უწოდა. მან თავისი სიტყვები დაუკავშირა იმ ფაქტს, რომ ნატოს წევრი ქვეყნები ეკითხებიან, დარჩება თუ არა შეერთებული შტატები ალიანსში.
„ეს ცოტა პატარა ბავშვს მაგონებს, რომელიც მამას ეკითხება: „ჰეი, ისევ ოჯახთან რჩები?“ მე სიტყვა „მამიკოს“ ამ გაგებით ვიყენებ და არა იმიტომ, რომ, ზოგადად, პრეზიდენტ ტრამპს ,,მამიკოს’’ ვეძახი“, - თქვა რუტემ.
გენერალური მდივნის ფრაზაზე საპასუხოდ, ტრამპმა ხუმრობით თქვა, რომ მოეწონა პრემიერ-მინისტრ რუტეს გამოსვლა და რომ არ მოსწონებოდა, დაბრუნდებოდა და „მიტყეპავდა“.
0
0