24/12/2024
10:58
მსოფლიო
Reuters-ის ინფორმაციით, ინაუგურაციის ჩატარების შემდეგ პირველივე დღეს, დონალდ ტრამპის გარდამავალი ადმინისტრაციის წევრები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან შეერთებული შტატების გასვლის ინიციატივას წარადგენენ.
,,სანდო წყაროზე დაყრდნობით, შემიძლია განვაცხადო, რომ ის [ტრამპი] ჯანმო-დან გასვლას აპირებს. ალბათ, ეს მოხდება ინაუგურაციის ჩატარების შემდეგ პირველივე დღეს ან მისი ადმინისტრაციის მუშაობის ძალიან ადრეულ ეტაპზე. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ შეიძლება ძირი გამოუთხაროს დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით გლობალური მეთვალყურეობისა და სასწრაფო რეაგირების სისტემების უზრუნველყოფას. აშშ დაკარგავს გავლენას გლობალურ ჯანდაცვაზე და ამ ვაკუუმს ჩინეთი შეავსებს. მე ვერ წარმომიდგენია მსოფლიო როგორ უნდა იყოს ძლიერი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გარეშე. აშშ-ის გასვლა სერიოზულად შეასუსტებს სააგენტოს,” - თქვა ჯორჯთაუნის სამართლის პროფესორმა/ჯანმო-ს ეროვნული და გლობალური ჯანდაცვის თანამშრომლობის ცენტრის დირექტორმა ლოურენს გოსტინმა.
აღნიშნული ინფორმაცია, თავდაპირველად, The Financial Times-მა გაავრცელა. თეთრი სახლის ყოფილმა კოორდინატორმა COVID-19 რეაგირების საკითხში, აშიშ ჯჰამ, ასევე ტრამპის გუნდმა Reuters-ის თხოვნას კომენტარის გაკეთებაზე არ უპასუხა.
როგორც Reuters-ი წერს, გეგმა, რომელიც შეესაბამება ტრამპის მხრიდან გაეროს ჯანდაცვის სააგენტოს მიმართ ხანგრძლივ კრიტიკას, ითვალისწინებს მნიშვნელოვან ცვლილებას აშშ-ის გლობალურ ჯანდაცვის პოლიტიკაში და ვაშინგტონს კიდევ უფრო აშორებს პანდემიებთან ბრძოლის საერთაშორისო მცდელობებისგან.
როგორც ცნობილია, ტრამპმა 2020 წელს წამოიწყო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გასვლის ერთწლიანი პროცესი, თუმცა 6 თვის შემდეგ, მომდევნო პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ტრამპის გადაწყვეტილება შეცვალა. ტრამპი ამტკიცებდა, რომ სააგენტომ ვერ დააკისრა პასუხისმგებლობა ჩინეთს COVID-19-ის ადრეულ გავრცელებაზე. მან ჯანმო-ს არაერთხელ უწოდა პეკინის მარიონეტი და პირობა დადო, რომ ჯანდაცვის შიდა ინიციატივებში აშშ-ის წვლილს გადაამისამართებდა.
0
0