
„თუ დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს და ახალი მოლაპარაკებების სტრატეგიას შეიმუშავებს, ჩრდილოეთ კორეა შეერთებულ შტატებთან ბირთვული შეიარაღების საკითხებზე მოლაპარაკებებს განაახლებს,“ - განუცხადა Reuters-ს ჩრდილოეთკორეელმა ყოფილმა დიპლომატმა რი ილ გიუმ.
მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეის საგარეო პოლიტიკისთვის პრიორიტეტული იქნება რუსეთთან, აშშ-სა და იაპონიასთან ურთიერთობები.
„რუსეთთან ურთიერთობების გამყარების პარალელურად, ფხენიანს ბირთვული მოლაპარაკებების ხელახლა დაწყება სურს, თუ ტრამპი ნოემბრის არჩევნებში ისევ გაიმარჯვებს. ფხენიანელი დიპლომატები ამ სცენარის სტრატეგიას ადგენენ, რომლის მიზანია ქვეყნის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნა, ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიიდან ჩრდილოეთ კორეის ამოღება და აშშ-ისგან ეკონომიკური დახმარების მიღება,“ - აღნიშნა რი ილ გიუმ.
როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის შეხვედრა 2019 წელს ვიეტნამში გაიმართა, თუმცა იმ დროისთვის სანქციების საკითხზე მოლაპარაკებები ჩაიშალა. რი ილ გიუმ ეს ჩავარდნა ნაწილობრივ კიმის გადაწყვეტილებას დაუკავშირა, რომელმაც მოლაპარაკებების წარმოება „გამოუცდელ სამხედროებს მიანდო“.
"კიმ ჩენ ინმა ბევრი რამ არ იცის საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის შესახებ და არც სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღება შეუძლია. ამჯერად საგარეო საქმეთა სამინისტრო აუცილებლად მოიპოვებს ძალაუფლებას, აიღებს შესაბამის პასუხისმგებლობას და ტრამპისთვის ასე ადვილი აღარ იქნება ჩრდილოეთ კორეისთვის ხელ-ფეხის შეკვრა.
ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთთან სამხედრო და ეკონომიკური კავშირების გამყარებამ, შესაძლოა, ვაშინგტონს ფხენიანთან ბირთვული შეიარაღების შესახებ პოტენციური მოლაპარაკების დროს პრობლემები შეუქმნას. რუსეთმა ჩრდილოეთ კორეასთან უკანონო ტრანზაქციებით ხელები გაისვარა. ამიტომ ფხენიანი სანქციების მოხსნის საკითხზე აშშ-ზე აღარაა დამოკიდებული, რაც ნიშნავს, რომ ვაშინგტონმა მნიშვნელოვანი სავაჭრო ბერკეტი დაკარგა“, - აღნიშნა დიპლომატმა.
0
0
81 წელი ფაშიზმზე გამარჯვებიდან
09/05/2026