04/08/2023
15:00
საზოგადოება
ჯერ ერთი, სამაშველო ვერტმფრენებმა გუშინ იმუშავეს და დღესაც იმუშავეს. ყველა ის ადამიანი, რომელიც გუშინ იქნა ნაპოვნი, არც ერთი დაშავებულა, ყველა უვნებელი გამოიყვანა ჩვენმა სამაშველო სამსახურმა. ჩვენი სამსახურები იყვნენ იქ ადგილზე და სიტუაცია იყო აბსოლუტურად კონტროლის ქვეშ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც სამაშველო ვერტმფრენებს შეეხებოდა.
მთავრობის მეთაური სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
„არ მინდოდა ამ საკითხებზე დღეს საუბარი, მაგრამ ვისმენთ, მე რა თქმა უნდა, არ გავაკეთებ კომენტარს ხელმოცარულ პოლიტიკოსებზე, ოპოზიციის წარმომადგენლებზე, მაგრამ თქვენ პირადად, თქვენი ტელევიზია და სხვა ტელევიზიები, მთელი დღის განმავლობაში, ასეთ ვითარებაში, როცა გვყავს გარდაცვლილი მოქალაქეები, ტრაგედიაა, ჯერ კიდევ ოჯახის წევრები ვერ პოულობენ საკუთარ ოჯახის წევრებს, ამორალურ ქმედებას ეწევით. ატყუებთ მოსახლეობას, ხალხს ატყუებთ, რომ თურმე ჩვენ, მთავრობამ გადაწყვიტა ვერტმფრენების შეძენა, გავიდა ერთი წელი და თურმე ჩვენ არ შევიძინეთ. ასეთ არასერიოზულ ტყუილებზე საერთოდ მე გთხოვთ, რომ ასეთ დროს მაინც შეიკავოთ თავი. ან გაქვთ სერიოზული პრობლემა ინფორმაციის გაგების, მე მგონი, უფრო მეტი პრობლემა გაქვთ. თქვენ 24 საათი ერთადერთ დავალებას ასრულებთ, ჩვენი ხალხის შეცდომაში შეყვანას, ხალხის დაზაფრვის. ასეთი უბედური მდგომარეობა, ასეთი ტრაგედია გვაქვს და თქვენ ათმაგად ძაბავთ ხალხს. ეს სამარცხვინო სპეკულაციები უნდა დაასრულოთ, თურმე ესეიგი 3 ვერტმფრენი შეიძინეს, მაგრამ არ შეიძინეს,“- განაცხადა პრემიერმა.
კითხვაზე, რატომ არ აქვს ღამის განათებები ვერტმფრენებს, მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არაფერს შეცვლიდა. მისივე განცხადებით, მეზობელი ქვეყნებისთვის დახმარების თხოვნის საჭიროება არ ყოფილა.
„მთავარი არის შემდეგი, 210 ჩვენი თანამოქალაქე უვნებლად იქნა გამოყვანილი ჩვენი სამაშველო სამსახურის მიერ. თქვენ ხართ ჩვეულებრივი მატყუარა ტელევიზია და ხალხს ატყუებთ,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, სტიქიას 7 ადამიანი ემსხვერპლა. 30-ზე მეტ ადამიანთან დაკავშირება კვლავ ვერ ხერხდება.
0
0