
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანის თქმით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესია.
„მე როგორც ვიცი, უახლოეს დღეებში, უახლოეს პერიოდში, თვითონ თორნიკე გააკეთებს განცხადებას და უპასუხებს თითოეული თქვენგანის კითხვას. მაქვს ინფორმაცია, რომ უახლოეს პერიოდში თვითონ გიპასუხებთ ყველა კითხვაზე. ალბათ, ინტერვიუს მიცემას აპირებს“, - განაცხადა ახვლედიანმა.
მისივე თქმით, საქართველოდან წასვლას რიჟვაძე არასდროს აპირებდა.
„ის არც აპირებდა არასდროს ქვეყნის დატოვებას, იცით, რა მიზეზითაც დატოვა ქვეყანა. მე რა ინფორმაციაც მაქვს, ის უახლოეს პერიოდში დაბრუნდება და ყველა კითხვას პასუხს გასცემს“, - განაცხადა ახვლედიანმა.
კითხვაზე, კორუფციის საქმეებზე ხომ არ აპირებს ჩვენების მიცემას, ახვლედიანმა უპასუხა, რომ „მას არ აქვს ინფორმაცია, რომ რიჟვაძესთან კორუფციასთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა ან აქვს ვინმეს“.
ცნობისთვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.
0
0