
„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს გავაცანით საქართველოში არსებული მდგომარეობა, ჩვენი ხედვები იმასთან დაკავშირებით, თუ რა პროცესები მიმდინარეობს მთლიანად რეგიონში, ამ თემებთან დაკავშირებით შედგა ძალიან საინტერესო საუბარი“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ტინი კოქსთან ყველა თემაზე იყო საუბარი.
„ზოგადად, ყველა თემაზე გვქონდა საუბარი, რა მდგომარეობაა პოლიტიკურ სისტემაში, როგორია დღეს სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტის პოზიციონირება, როგორია მათი პოლიტიკური მდგომარეობა და ა.შ. ყველა თემაზე ჩვენი ინფორმაცია მივაწოდეთ ასამბლეის პრეზიდენტს. მანაც გამოხატა ინტერესი კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, გაიმართა ამ საკითხებთან დაკავშირებით გახსნილი დისკუსია“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველო აქტიურად იქნება ჩართული რეიკიავიკის სამიტის მუშაობაში.
„უმაღლეს დონეზე იქნება ჩვენი წარმომადგენლობა უზრუნველყოფილი. რა თქმა უნდა, სამიტზე ყველა აქტუალური საკითხი იქნება განხილული, რაც უკავშირდება, მათ შორის, რეგიონში მიმდინარე პროცესებს. საქართველო დააფიქსირებს თავის მკაფიო პოლიტიკურ პოზიციას ყველა თემასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა კობახიძემ.
შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ ტინი კოქსს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით არჩევა მიულოცა. თავის მხრივ, ტინი კოქსმა ირაკლი კობახიძეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროპის საბჭო სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესში. ხაზი გაესვა საქართველოში რეფორმების მიმართულებით გაწეულ პროგრესს. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.
მმართველი პარტიის ხელმძღვანელთან ერთად, შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი და ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩი, თამარ ტალიაშვილი.
0
0