
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ და პარტიის გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა კონგრესმენ, ჯიმ ბერდთან შეხვედრა გამართეს.
თინა ბოკუჩავამ და პეტრე ცისკარიშვილმა კონგრესმენს „მეგობარი აქტის“ ორპარტიული მხარდაჭერით მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს.
მათი თქმით, ამ „კანონპროექტის მიღებამ ახალი იმედი გააჩინა საქართველოს დემოკრატიული ძალებისთვის და წარმოადგინა ძლიერი სიგნალი აშშ-ის ორპარტიული მხარდაჭერისა ქართული ხალხისადმი“.
შეხვედრის დროს, ენმ-ის ლიდერებმა კონგრესმენს წარუდგინეს დეტალური ანგარიში საქართველოში ჩინეთის ეკონომიკური იმპერიალიზმის მზარდი გავლენის შესახებ.
მათი თქმით, „ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი სულ უფრო მეტად უღებს კარს პეკინის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ზეწოლას და მზად არის, ქვეყანა კოლონიად გადააქციოს, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს და ევროატლანტიკურ მომავალს“.
თინა ბოკუჩავას განცხადებით, კონგრესმენი ჯიმ ბერდის როლი დაზვერვის ქვეკომიტეტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მავნე უცხოური გავლენების შესწავლის კუთხით, „მისი მტკიცე მხარდაჭერა და გააზრებული დამოკიდებულება უმნიშვნელოვანესია საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის“.
0
0