
დარწმუნებული ვარ, ლევან სანიკიძეს ექნება დიდი მომავალი ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ არა ტრუსკავეცა მდინარაძის ჭორებით, დღის წესრიგით და კალენდრით, არამედ მისი ღირსეული გადაწყვეტილებებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
თინა ბოკუჩავამ კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე ბოკუჩავას ლევან სანიკიძე ჩაანაცვლებს.
ბოკუჩავას თქმით, ეს „სუს-ის მორიგი ბოდვაა“.
„როგორც ჩანს, ტრუსკავეცა მდინარაძეს მისცეს დავალება, რომ დღეს ღარიბაშვილის სავარაუდო დაკავება რაიმე სხვა ნიუსით გადაფაროს. მხოლოდ ამით შემიძლია, ავხსნა სუს-ის ეს მორიგი ბოდვა და მათი ფანტაზიის ნაყოფი. ლევან სანიკიძეზე ერთი, რაც შემიძლია ვთქვა არის, რომ ჩემი 13-წლიანი პოლიტიკური საქმიანობის განმავლობაში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, საამაყო გადაწყვეტილება, რაც მივიღე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილედ დანიშვნაა. დარწმუნებული ვარ, მას ექნება დიდი მომავალი ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ არა ტრუსკავეცა მდინარაძის ჭორებით, დღის წესრიგით და კალენდრით, არამედ მისი ღირსეული გადაწყვეტილებებით. „იმედის“ „რუსთავი 2-ის“ „პოსტვისა“ და პროპაგანდისტული ტელევიზიების დღევანდელი აღტყინება ტრუსკავეცა მდინარაძის ფანტაზიის ნაყოფის შედეგად გავრცელებულ ინფორმაციაზე, ჩემი მხრიდან მხოლოდ იმით აიხსნება, რომ დღეს, სავარაუდოდ, ორჯერ ნაპრემიერალ, პარტიის თავმჯდომარეს დაიჭერენ. ეს ადასტურებს, რომ არათუ „ტექნიკური“, არამედ ძალიან ღრმა, სერიოზული და მათი დასასრულის მომასწავებელი პრობლემები აქვს რუსულ ოცნებას, კორუფციის, ძალადობისა და იმ აღვირახსნილობის გამო, რაც ქვეყანამ 13 წლის განმავლობაში ნახა. ჩემი აზრით, ეს ტყუილი და ტრუსკავეცა მდინარაძის ფანტაზიის ნაყოფიც, სწორედ ამ მთავარი ამბის გადაფარვის მცდელობაა, რაც სავარადოდ რამდენიმე საათში გახდება ცნობილი“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
0
0