
სპეციალისტებმა თითების ტკაცუნსა და ართრიტს შორის კავშირი უარყვეს. ამ თემას სტატია The Guardian-მა მიუძღვნა, რომლის ჟურნალისტიც მანჩესტერის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიის პროფესორსა და რევმატოლოგ კიმ ჰაირკს გაესაუბრა.
„სახსარი მჭიდრო სივრცეა, რომელიც მცირე რაოდენობით სითხეს შეიცავს. ტკაცუნისას ეს სივრცე ფართოვდება, წნევა მცირდება და სითხეში ბუშტუკები ჩნდება. ტკაცუნის ხმა კი ამ ბუშტუკების გასკდომის დროს გვესმის“, - განმარტა სპეციალისტმა.
წლების განმავლობაში ითვლებოდა, რომ თითების ტკაცუნი შესაძლოა ართრიტის ყველაზე გავრცელებული ფორმის - ოსტეოართრიტის განვითარებას იწვევს. თუმცა, სამეცნიერო კვლევებმა ეს კავშირი ვერ დაადასტურა. გამოკითხვებმა და რენტგენოგრამებმა აჩვენა, რომ იმ ადამიანებს შორის, ვინც თითებს ხშირად ატკაცუნებს და მათ შორის, ვინც ამას არ აკეთებს, განსხვავება არ არსებობს
მაგალითად, ამერიკელი ექიმი 60 წლის განმავლობაში ყოველდღიურად მხოლოდ ერთი ხელის თითებს ატკაცუნებდა, რათა დედისთვის დაემტკიცებინა, რომ ეს მავნებელი არ იყო. ორივე ხელის გასინჯვის შემდეგ მას ართრიტის არანაირი ნიშნები არ აღმოაჩნდა.
ჰაირიკის თქმით, ოსტეოართრიტის მთავარი მიზეზებია სპორტული ტრავმები, სახსრებთან ახლოს არსებული ძვლების მოტეხილობები და მყესების გაწყვეტა. ასევე, დაავადება უფრო ხშირად გვხვდება იმ ადამიანებში, ვინც უკვე იტანჯება ართრიტის სხვა ფორმებით, მაგალითად, რევმატოიდული ართრიტით. ექიმი გვირჩევს, ჯანსაღი ცხოვრების წესი შევინარჩუნოთ, რათა ოსტეოართრიტის განვითარების რისკი მინიმუმამდე დავიყვანოთ.
თითების ტკაცუნის ჩვევა კი დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 54%-ს აქვს.
0
0