
ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ ხუთ პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლემ პატიმრობასთან დაკავშირებით ბრალდების მხარის შუამდგომლობა გაიზიარა. პროკურორის განცხადებით, არსებობდა მიმალვისა და დანაშაულის ხელახლა ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები.
დაცვის მხარე ბრალდებულებისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2 ნოემბერს თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში მანანა გიორგობიანმა ამავე მაღაზიის თანამშრომლებს მოსთხოვა ფულადი თანხის დახურდავება, რაზეც უარის მიღების შემდეგ გახდა აგრესიული, მიაყენა დაზარალებულებს სიტყვიერი, მათ შორის, ერთ-ერთს ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე დაემუქრა ფიზიკური ანგარიშსწორებით. გამოძიების ცნობით, მაღაზიიდან გასვლის შემდეგ მანანა გიორგობიანმა ორგანიზება გაუწია ჯგუფურ მოქმედებას, რასაც თან ახლდა ძალადობა. კერძოდ, დაზარალებულების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით გიორგობიანმა შემთხვევის ადგილზე მიიყვანა ხუთი პირი, რომლებიც ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულებს და მიაყენეს დაზიანებები, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
1
0