
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპი აშშ-ის ნატო-დან გასვლის შესაძლებლობას ალიანსის გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან განიხილავს.
ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ქეროლაინ ლევიტმა ჟურნალისტების კითხვებზე საპასუხოდ განაცხადა.
„ეს არის საკითხი, რომელიც პრეზიდენტმა უკვე განიხილა და ვფიქრობ, ამას ის კიდევ ერთხელ განიხილავს რამდენიმე საათში გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრაზე. შესაძლოა, ამ შეხვედრის შემდეგ თავად პრეზიდენტმაც ისაუბროს ამ საკითხზე“, – განაცხადა ლევიტმა.
ამასთან ერთად, თეთრი სახლის პრესსპიკერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ირანთან ომის დროს ნატო-მ „გამოცდა ვერ ჩააბარა“.
„მე მაქვს აშშ-ის პრეზიდენტის ციტატა ნატო-ს შესახებ და მას ყველას გაგიზიარებთ: „მათ გამოცდა ჩაუტარდათ და წარუმატებლობა განიცადეს“. დავამატებდი, სამწუხაროა, რომ ნატო-მ ზურგი აქცია ამერიკელ ხალხს ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში, როდესაც სწორედ ამერიკელი ხალხი აფინანსებდა მათ თავდაცვას. როგორც იცით, პრეზიდენტი ტრამპი რამდენიმე საათში თეთრ სახლში შეხვდება ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს და ვიცი, რომ ის მოუთმენლად ელოდება მასთან ძალიან გულწრფელ და გულახდილ საუბარს“, – აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.
0
0
37 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან
09/04/2026