
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, პოლიტიკიდან უნდა გაქრნენ დამნაშავე ელემენტები, რაც იქნება პოლიტიკური ველიდან არა ოპონენტების, არამედ დამნაშავეთა ჩამოშორება.
შარმანაშვილის თქმით, შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე, საბოლოო გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს.
„დამნაშავე ელემენტები პოლიტიკიდან უნდა გაქრნენ და ჩვენ ამას არც ვმალავთ. კონსტიტუციური განაწესია, რომ არაკონსტიტუციური პარტიები უნდა აიკრძალოს. ასეთი სახის დამნაშავე ორგანიზაციები და პარტიები პოლიტიკას უნდა განერიდონ. ოპონენტები კი არ გაქრებიან, დამნაშავე ელემენტები უნდა გაქრნენ პოლიტიკიდან. ის ადამიანები, რომლებმაც შექმნეს დანაშაულებრივი რეჟიმები, მუდმივად არღვევდნენ კონსტიტუციას, ადამიანის უფლებებს მუდმივად ლახავდნენ და ამას ჩვენ კი არა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებიც ამტკიცებს. ამ წმენდის ჩატარება პოლიტიკურ ველზე პოლიტიკური ოპონენტის ჩამოშორება კი არ არის, დამნაშავეთა ჩამოშორებაა. საბოლოო გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს. უნდა იყოს დასაბუთება, რომ კონკრეტული გვარი, რომელიც სიაში ჩაიწერება, ამ ყველაფრის შემოქმედი იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო ამას არ დააკმაყოფილებს. მათი ქმედება სათითაოდ უნდა დავასაბუთოთ“, – განუცხადა თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს.
0
0