
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის მკვლევარ-ქიმიკოსისა და ღვაწლმოსილი პედაგოგის, საქართველოს დამსახურებული გამომგონებლის, პროფესორის გურამ გაფრინდაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.
რექტორის სამძიმრის წერილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
„საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და მისმა აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტმა, ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტმა დაკარგა დიდი ღვაწლის მქონე მკვლევარი და გამომგონებელი, გამორჩეული პედაგოგი და განსაკუთრებული ადამიანური ღირსებებით გამორჩეული კოლეგა, რომელმაც ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ქიმიური ტექნოლოგიების, კერძოდ კი სილიკატების მიმართულების განვითარებაში. პროფესორი გურამ გაფრინდაშვილი იყო ნოვატორი, რასაც მოწმობს მის მიერ გამოქვეყნებული 214 სამეცნიერო ნაშრომი, 3 მონოგრაფია, 2 სახელმძღვანელო და არაერთი აღიარება საერთაშორისო ასპარეზზე. მისი მრავალწლიანი, ნაყოფიერი სამეცნიერო ცხოვრება აღინიშნა საქართველოს დამსახურებული გამომგონებლის საპატიო წოდებითა და ოქროს მედლით, რაც მისი გამორჩეული ნიჭისა და დაუღალავი შრომის ლოგიკური აღიარება იყო.
პროფესორმა გურამ გაფრინდაშვილმა მნიშვნელოვანი სამეცნიერო მემკვიდრეობა დაგვიტოვა - მის სახელს უკავშირდება 5 პატენტი და 100-მდე საავტორო მოწმობა გამოგონებაზე. მან პირველად საქართველოში, ადგილობრივი ნედლეულის ბაზაზე, შექმნა მტკიცე სტრუქტურის პიგმენტები და ფლიუსები ტიხრული და ფერწერული მინანქრისთვის, კერამიკული ჭურჭლის დასამზადებელი მასალა „ვიტრეს-ჩაინა“, რომელიც დღესაც გადის ექსპორტზე ამერიკაში, შეიმუშავა უმაღლესი ხარისხის ძვლის ფაიფური, ფიუზინგი და მაღალვოლტიანი ფაიფურის ელექტროიზოლატორები. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი გამოგონება სამედიცინო დანიშნულებით - კორუნდის კერამიკა ხელოვნური სახსრების იმპლანტაციისთვის, რაც ბიოლოგიურად სრულად თავსებადია ადამიანის ორგანიზმთან.
დარწმუნებული ვარ, ბატონი გურამ გაფრინდაშვილის სახელი და სამეცნიერო მიღწევები ღირსეულ ადგილს დაიკავებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ქართული მეცნიერების ისტორიაში“, - აღნიშნულია სტუ-ის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სამძიმრის წერილში.
0
0