
აინშტაინს აქვს ნათქვამი, ოღონდ, ეს ფიზიკის კვლევებისთვის გამოიყენა, მაგრამ პოლიტიკაშიც გამოდგება, როდესაც ერთსა და იმავეს აკეთებ იმ იმედით, რომ სხვა შედეგი დადგება, სულელი ხარო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ოპოზიციის ალიანსი“ მკვდარშობილი გაერთიანებაა.
„ეს მკვდარშობილი გაერთიანებაა. ეს ლამაზი ტერმინი კი არ არის, მართლა მკვდარშობილი გაერთიანებაა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები თავიდან ერთ ორგანიზაციაში იყვნენ და საქართველო ერთად მიიყვანეს კატასტროფამდე, პიროვნულად შეუთავსებელი ხალხია. მაშინ, თავზე ერთი დიქტატორი აჯდათ და იმ დიქტატორს შეეძლო, ესენი რაღაცნაირად ერთგულად ჰყოლოდა. ახლა დამოუკიდებლად ერთმანეთთან ვერ მივიდოდნენ, რადგან ერთმანეთი მართლა ეზიზღებათ, შეუთავსებელი ხალხია. შეიძლება, ჩემზე, პიარულად თქვან უფრო ცუდი, ვიდრე თავის ე.წ. თანამებრძოლზე, მაგრამ შინაგანად ის უფრო ეზიზღებათ და ვერ იტანენ.
რა გგონიათ, რომ მათ შემდგომ ნაბიჯებს „დიფ სთეითიდან“ გენიოსები გეგმავენ? მეტი ვერაფერი ვერ მოიფიქრეს და ათი წლით უკან დაბრუნდნენ, ჩეხეთში „აკერმანი 2“ იპოვეს და იმავეს აკეთებინებენ. აინშტაინს აქვს ნათქვამი, ოღონდ, ეს ფიზიკის კვლევებისთვის გამოიყენა, მაგრამ პოლიტიკაშიც გამოდგება – როდესაც ერთსა და იმავეს აკეთებ იმ იმედით, რომ სხვა შედეგი დადგება, სულელი ხარო. ვინც ამ ყველაფერს უგეგმავს, აშკარად სულელია, რადგან რამე სიახლე ნახეთ, ამ ბოლო დროს? – ისევ რაღაც ტრენინგები დაუგეგმეს, ისევ სადღაც ასწავლიან, მოლოტოვის კოქტეილი როგორ ისროლონ, ბულინგი როგორ აწარმოონ. ის ვინც მუსიკას აფინანსებს, ის უკვეთს. ამიტომ, ხან ეუბნებიან, რომ ცალ-ცალკე იქნებიან, ხან ეუბნებიან, რომ ერთად იქნებიან. სულელურ გადაწყვეტილებებს იღებენ, სისულელეში ხარჯავენ ფულს. კი ბატონო, ჩაურიცხონ ეს მილიონები და ისევ წყალში გადაყრილად დაუმთავრდებათ, რადგან ამ ადამიანების ერთად ყოფნა შეუძლებელია“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
0
0