15/06/2023
13:05
პოლიტიკა
„მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არის ეკლესია და პარლამენტი, მაგრამ ამხელა ყურადღება და უარყოფითი შეფასება გენიალური ელტონ ჯონის და „მაკდონალდის“ ამ პროგრამისადმი არსად ყოფილა“, — ამბობს თემურ ჭყონია, „მაკდონალდს საქართველოს“ პრეზიდენტი.
„შეიძლება, წაკითხული არ აქვს. ირაკლი კობახიძე არის მელომანი. ვიცი, რომ კარგად უკრავს და მღერის. ელტონ ჯონის ბიოგრაფია რომ წაიკითხოს, არ მგონია, ეს თემა კიდევ გაიმეოროს. როგორც მუსიკოსი, კობახიძეს რომ ელტონ ჯონი არ მოსწონდეს, არ შეიძლება. ცხოვრების მეორე ნაწილი [პირადი] მოსწონს თუ არა, მაგის საქმეა. აგიტაცია რომ არ გამიკეთებია, მიხვდება თვითონ, თუ წიგნს წაიკითხავს“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ ჭყონიამ.
ის ფიქრობს, რომ სასაჩუქრე ბროშურა არ წაუკითხავთ, ან თუ წაიკითხეს, „შინაარსი ვერ გაიგეს“ საპატრიარქოში, რომელმაც ასევე გაავრცელა განცხადება ამ წიგნზე.
თემურ ჭყონია ამბობს, რომ თავადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინების კატეგორიული წინააღმდეგია, თუმცა ყველა ადამიანს თავის ცხოვრება აქვს და რაღაცის არმოწონება, სიძულვილს და დევნას არ უნდა იწვევდეს.
„ამ წიგნში წერია, რომ ელტონ ჯონი ნიჭიერი ბავშვი იყო, მაგრამ მარტოსული და დეპრესიული. საავადმყოფოში გაიცნო მისი მომავალი მეგობარი დევიდ ფერნიში, რომელმაც უთხრა ასეთი საინტერესო სიტყვები: ცხოვრება მეტისმეტად მშვენიერია იმისთვის, რომ ფუჭად გაფლანგოო. ელტონმაც პირობა დადო, რომ გახდებოდა თავისი საუკეთესო ვერსია. მერე დაიწყო ჯანსაღი კვება, თავის მოვლა. გახდა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მამაკაცი სოლო შემსრულებელი. შემდეგ დაქორწინდა და ეს ეპიზოდი ლგბტ პროპაგანდად გამოცხადდა. და ის წინა ჩანაწერები, რომ წვალობდა, შრომობდა, მუსიკას წერდა, რატომ არ არის იმის „პროპაგანდა“ უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ბოლო?“, — ამბობს ჭყონია.
ჭყონია მიიჩნევს, რომ ბროშურაში აღწერილი ბიოგრაფია აგიტაციური არ არის და რომც იყოს, შეუძლებელია, ადამიანმა აგიტაციით ორიენტაცია შეიცვალოს.
„მე არ ვიცი, რატომ არის ამ თემაზე ამბავი ატეხილი, როცა უამრავი პრობლემა არსებობს ქვეყანაში. რა შუაშია აგიტაცია? ვერ წარმომიდგენია, რომ აგიტაციით ადამიანს შეაცვლევინო ორიენტაცია“, — აცხადებს ჭყონია.
მისივე თქმით, მაკდონალდსის გლობალური პროგრამის შემდეგი წიგნები ცნობილი მოკრივის მუჰამედ ალის და ფეხბურთელ პელეს ისტორიას გვიამბობს.
„200 000 სხვადასხვა მიმართულების ბროშურა გამოიცემა. ამ სერიაში მოხვდა ელტონ ჯონის ცხოვრების ის ეპიზოდიც, რომელიც საზოგადოების რაღაც ნაწილს არ მოსწონს და უფრო აგრესიულად აღიქვამს, რაღაც ნაწილი მიესალმება, სხვებს კი არ აინტერესებს. „მაკდონალდსის“ გაყიდვები იგივეა — ეს ნიშნავს, რომ პროექტი უმცირესობის კრიტიკის საგანია და არა — უმრავლესობის“, — აცხადებს თემურ ჭყონია.
„უფრო ეს არის ცალკეული ადამიანების შეხედულებები იმ თემის გარშემო, რაც არსებობს… თუ გვინდა მსოფლიოში ინტეგრირება, მსოფლიოში ყველა მიმართულების და აზრის ადამიანი არსებობს და ჩვენ თუ ყველას გამოვედევნეთ ჯოხით, რა ინტეგრირება გამოვა? ჩემი პირადი შეურაცხყოფა უნდათ, მიზეზი არ ვიცი. არავინ მეკითხება, მაგალითად, რამდენს ვიხდი ბიუჯეტში ჩემი ბიზნესიდან. წელს „კოკა-კოლას“, „მაკდონალდსთან“ ერთად ბიუჯეტში 140 მილიონ ლარს შეიტანს. ამაზე ტაშს რატომ არ მიკრავენ და ერთი ბროშურისთვის რატომ უნდათ, რომ გამლანძღონ? რომელი უფრო წესიერია ამ შემთხვევაში — ჩემი მოქმედება სახელმწიფოს წინაშე თუ სახელმწიფოს მოქმედება ჩემს წინაშე?!”, – გვითხრა ჭყონიამ, თუმცა დამაზუსტებელ კითხვაზე აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ კამპანიის უკან სახელმწიფო დგას.
“მე, როგორც გადასახადის გადამხდელი, ტექნოლოგიების დამნერგველი, რომელიც ვასაქმებ უამრავ ადამიანს, ბროშურაში ელტონ ჯონის პირადი ცხოვრების ჩანაწერისთვის უარყოფით ადამიანად და პროპაგანდისტად გამომიყვანეს… ეს ჩემი ბრალი კი არ არის, ბრალია იმ საზოგადოების, სადაც ვცხოვრობთ“, — აცხადებს თემურ ჭყონია.
წყარო - netgazeti.ge
0
0