
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა არ შეუერთდება ომს სამართლებრივი საფუძვლისა და დეტალური გეგმის გარეშე. ამის შესახებ სტარმერმა თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კირ სტარმერის თქმით, მათ უნდა იმოქმედონ ნათლად, მიზანდასახულად და ცივი გონებით.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ჰკითხეს, რატომ არ აძლევს ის სამეფო საჰაერო ძალებს ირანის წინააღმდეგ შეტევის საშუალებას, რაზეც მან აღნიშნა, რომ „დონალდ ტრამპს ირანთან ომისთვის სიცოცხლისუნარიანი გეგმა არ აქვს“.
შეგახსენებთ, 2 მარტს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ აშშ-მა მოითხოვა ბრიტანული ბაზების თავდაცვითი მიზნით გამოყენების ნებართვა, რაზეც გადაწყდა მოთხოვნის დაკმაყოფილება, რათა თავიდან აეცილებინათ ირანის დარტყმები რეგიონში. აშშ-ის პრეზიდენტმა კი აღნიშნა, რომ „ძალიან იმედგაცრუებულია“ კირ სტარმერის დაგვიანებული გადაწყვეტილებით, ნება დაერთო ამერიკისთვის, ბრიტანული ბაზებით ესარგებლა.
მოგვიანებით, სტარმერმა აღნიშნა, რომ მისი მოვალეობაა ეროვნული ინტერესებით მოქმედება – „ბრიტანეთი გამიზნულად არ ჩაერთო ოპერაციაში თავიდანვე“. ამის შემდეგ, დონალდ ტრამპმა The Sun-თან საუბრისას განაცხადა, რომ კირ სტარმერი „უსარგებლოა“ და დღესდღეობით დიდ ბრიტანეთთან ურთიერთობა ისეთი აღარ არის, როგორიც იყო. ტრამპის თქმით, ირანის წინააღმდეგ მიმდინარე იერიშების დროს გაერთიანებული სამეფოსგან მეტ მხარდაჭერას ელოდა.
0
0