17/03/2021
15:43
ბადაგონი
ღვინო საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის მხარდაჭერით, კომპანია „ბადაგონმა“ ჩამოასხა. „საფერავი ქაშერი“ წითელი მშრალი ღვინო საერთაშორისო ქაშერი ნიშნით „OK” იწარმოება, რამაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა მისი ხარისხი.
რამდენიმე დღის წინ გერმანიაში ჩატარებულ ღვინის პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე MUNDUS VINI „საფერავი ქაშერმა“ ოქროს მედალი მოიპოვა.
MUNDUS VINI მსოფლიოში წამყვანი ერთ ერთი უმსხვილესი ღვინის საერთაშორისო კონკურსია, რომელიც წელს ოცდამეექვსეჯერ ჩატარდა. მასში ტრადიციულად მსოფლიოში ღვინის მწარმოებელი რეგიონების წამყვანი კომპანიები მონაწილეობენ. წელს კონკურსში 54 ქვეყანაში წარმოებული ღვინოები იყო წარდგენილი. ღვინოები 268 ცნობილმა საერთაშორისო ექსპერტმა შეაფასა.
ერთი კვირის წინ კი ესპანეთში გამართულ ღვინის საერთაშორისო კონკურსზე CWWSC – Catavinum World Wine & Spirits Competition ქართულმა ქაშერმა ღვინომ ვერცხლის მედალი მიიღო.
„საფერავი ქაშერზე“ უკვე დიდი მოთხოვნაა როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზარზე.
მიმდინარე წლის გაზაფხულზე ევროსაბჭოში, ებრაული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციის (AEPJ) შეხვედრაზე, „ისრაელის სახლი“ წარადგენს ქაშერი ღვინის მარშრუტის პროექტს, რომელიც მოიცავს პორტუგალიას, ესპანეთს, იტალიას, საფრანგეთსა და საქართველოს.
საქართველოში ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტს „ისრაელის სახლი“ საქართველოს კულტურის სამინისტროს წარდგინებით კურირებს.
ოქროსმედალოსანი „საფერავი ქაშერი“ მალე ლონდონის საერთაშორისო გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი.
0
0