
კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით 18–19 ნოემბერს, თბილისში, ჩუბინაშვილის ცენტრში (ათონელის ქ. 9/6) გაიმართება გამოფენა „ქართული ხალიჩის რენესანსი’’, რომელიც ქართული ტრადიციული ორნამენტიკისა და თანამედროვე ტექსტილური ხელოვნების სინთეზს წარმოადგენს.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება პროექტის ხელმძღვანელის, გვანცა ჯალაღანიას საავტორო ხალიჩები და საგანმანათლებლო ვორქშოპების მონაწილეების მიერ შექმნილი ნამუშევრები.
პროექტის მთავარი მიზანია ქართული ხალიჩის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის თანამედროვე ხელოვნებაში გაცოცხლება — ტრადიციისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმით. ამისთვის გამოყენებულია Tufting-ის (ტაფტინგის) თანამედროვე ტექნიკა, რომელიც ხელოვანებს საშუალებას აძლევს, ქართული ორნამენტები, ფორმები და ფერთა კომპოზიციები ახალი მხატვრული ხედვით წარმოაჩინონ.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა ექვსი საგანმანათლებლო ვორქშოპი, რომლებშიც 50 მონაწილემ მიიღო მონაწილეობა. მათ შეისწავლეს ტაფტინგის ტექნიკა და შექმნეს საკუთარი ნამუშევრები ქართულ თემატიკაზე.
გამოფენის მიზანია ხალიჩის წარმოჩენა არა მხოლოდ როგორც დეკორატიული ნივთის, არამედ როგორც ვიზუალური ხელოვნების დამოუკიდებელი ნიმუშის, რომელიც კულტურულ მეხსიერებასა და თანამედროვე შემოქმედებით ხედვას აერთიანებს.
გამოფენის დეტალები:
თარიღი: 18–19 ნოემბერი, 2026
ადგილი: ჩუბინაშვილის ცენტრი
მისამართი: ათონელის ქუჩა 9/6, თბილისი
ვიზიტი: დილიდან შესაძლებელია გამოფენის დათვალიერება.
ოფიციალური ღონისძიება: 18:00–20:00 საათი.
0
0