
თბილისში, დადიანის ქუჩაზე მე-10 სკოლის მოსწავლეებმა და მშობლებმა აქცია გამართეს. მათ დადიანის ქუჩა პროტესტის ნიშნად ჰქონდათ გადაკეტილი.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი მოთხოვნაა, დროულად დასრულდეს მე-10 სკოლის მშენებლობა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მოხდა მოსწავლეების შესახლება წერეთლის ქუჩაზე მდებარე 22-ე სკოლის შენობაში, თუმცა იქედანაც საჭირო გახდა მათი გამოყვანა და ამჟამად სკოლის გარეშე არიან დარჩენილი.
მშობლები ასევე უარს ამბობენ ონლაინფორმატში სწავლაზე და აცხადებენ, რომ დისტანციურ სწავლებას არანაირი შედეგი არ აქვს.
ადგილზე იმყოფებოდა განათლების სამინისტროს წარმომადგენელი, რომელიც აქციის მონაწილეებს გაესაუბრა.
„მშობლებისთვის პირველი ალტერნატივა შეთავაზებული იყო 190-ე სკოლა, სადაც ასევე უზრუნველყოფილი იქნებოდა ტრანსპორტი, მაგრამ მეორე ცვლაა და მშობლების მოთხოვნა იყო, რომ ამ პერიოდში მეორე ცვლაზე ვერ გადაერთვებოდნენ. აქედან გამომდინარე, ვიდრე სამხარაულის დასკვნას ველოდებით, მეორე ალტერნატივად შეთავაზებული იყო ონლაინ სწავლებაზე გადასვლა ერთი კვირით. გარდა ამისა, მიმდინარეობს რამდენიმე კერძო ფართის დათვალიერება, რათა სახელმწიფომ იჯარით აიღოს და სკოლამ გააგრძელოს ფუნქციონირება კერძო ფართებში“, – განაცხადა განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა.
ამ დროისთვის დადიანის ქუჩაზე აქცია დასრულებულია.
0
0