
თბილისსა და ბათუმში მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
„თავისუფლება მზია ამაღლობელს“ – ამ მოთხოვნით აქციის მონაწილეები ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეიკრიბნენ. მარჯანიშვილის მეტროდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მხარდამჭერი მარში მოეწყო ცოტა ხნის წინ თბილისშიც.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის დაკავებიდან ერთი წელი გავიდა. ჟურნალისტის კოლეგები, მეგობრები და მხარდამჭერები ამბობენ, რომ აჭარის პოლიციის სამმართველოში, ამაღლობელის დაკავების დროს რამდენიმე დანაშაული მოხდა, თუმცა დამნაშავეების მიმართ საქმე დღემდე არ არის აღძრული. ისინი ჟურნალისტის დაკავების შემდეგ პოლიციის შენობაში ამაღლობელის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობენ და ბათუმის პოლიციის მაშინდელი უფროსის, ირაკლი დგებუაძის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ შარშან, 11-12 იანვრის ღამეს აჭარის პოლიციის სამმართველოსთან გამართული აქციის დროს მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს – პირველად ის ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, კერძოდ, პოლიციის შენობის კედელზე საპროტესტო სტიკერის გამო აიყვანეს, გათავისუფლების შემდეგ კი პოლიციელისთვის სახეში ხელის დარტყმის გამო უკვე სისხლის სამართლის წესით დააკავეს. პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ ამაღლობელს აგვისტოში ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
0
0