12/12/2023
01:59
პოლიტიკა
"თბილისისთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა ყველასთვის მისაღებია. თუმცა, უნგრეთის გამო, ეს შესაძლოა რისკის ქვეშ აღმოჩნდეს…", - ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" ბრიუსელის ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოზვიაკი საკუთარ სტატიაში წერს.
"წევრობის მსურველები შემდეგ ეტაპზე რომ გადავიდნენ, ერთსულოვნებაა საჭირო. ჩემი დასკვნა, ევროკავშირის ოფიციალურ პირებსა და სხვადასხვა ევროპული ქვეყნის დიპლომატთან საუბრის შემდეგ ისაა, რომ თბილისისთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა და მოლდოვას წინსვლა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებით ყველასთვის მისაღებია. მაგრამ ამ ქვეყნების სტატუსები ევროკავშირში შესაძლოა რისკის ქვეშ აღმოჩნდეს, თუ ისინი "თანმდევი ზიანი" გახდებიან უკრაინის შესახებ დებატებში. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობას, ყოველშემთხვევაში საჯაროდ, უნდა, რომ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები უკრაინამაც დაიწყოს. მთავარი გამონაკლისი უნგრეთია. საკითხის უფრო გართულების მიზნით, ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის ბალტიისპირა ტრიოდან სამივემ საპასუხოდ თქვა, რომ თუ უკრაინა ჩაფლავდება, ჩაფლავდება ყველა", - დაწერა იოზვიაკმა.
როგორც რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელში 11 და 12 დეკემბერსაც მაღალი რანგის შეხვედრები იმართება, სავარაუდოდ, ძირითად გადაწყვეტილებებს 14-15 დეკემბერს გასამართ წინასაშობაო სამიტამდე არ მიიღებენ. ამასთან, ჟურნალისტი წერს, რომ შეხვედრების დღის წესრიგი იმდენად გადატვირთულია, რომ სამიტი, დიდი ალბათობით, შაბათ-კვირასაც გაგრძელდება.
იოზვიაკის აზრით, ევროკავშირის დანარჩენმა წევრებმა გადაწყვეტილებებზე უნგრეთის დაყოლიება შესაძლოა ფინანსური დახმარების მიწოდების სანაცვლოდ შეძლონ. მისი თქმით, ევროკომისიას სამიტამდეც კი შეუძლია ბუდაპეშტისთვის 10-დან 13 მილიარდ ევრომდე სახსრების მიწოდების დამტკიცება. ეს თანხა აქამდე ბრიუსელმა უნგრეთში კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული შეშფოთების გამო დაბლოკა.
0
0