
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ისინი ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებული.
აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პარალელურად, სასამართლოსთან შეკრებილი არიან აქციის მონაწილეები. თბილისის საქალაქო სასამართლოსთან და შენობაში სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის პერიოდულად დაპირისპირება იყო.
პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ზურაბ ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო 16 აპრილს შეეფარდა. ჯაფარიძეს გირაოს გადახდის ვადა 18 მაისს ამოეწურა. კომისიის მიმართვის საფუძველზე, პროკურატურამ ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
0
0