
უკრაინის პარლამენტში გამოსვლისას „ბატკივშჩინას“ ლიდერმა, იულია ტიმოშენკომ ქვეყანაში არსებული ვითარება მკაცრად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ რეალური ძალაუფლება არა სახელმწიფოს არჩეული ინსტიტუტების, არამედ გარედან მართული სტრუქტურების ხელშია.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, ქვეყანას არც პრეზიდენტი, არც მთავრობა და არც უმაღლესი რადა არ მართავენ. მისი თქმით, მართვის სადავეები უცხოური სამეთვალყურეო საბჭოების ხელშია, რომლებიც არაფერზე პასუხს არ აგებენ.
ტიმოშენკოს მტკიცებით, ეს სტრუქტურები ახორციელებენ სტრატეგიას, რომელიც წინა პრემიერ-მინისტრის განცხადებითაც დასტურდება — ეს არის უკრაინის ევროპის „რესურსულ ცენტრად“ გადაქცევა. ამ ფონზე, მისივე თქმით, ქვეყანა დე ფაქტო კოლონიზებულ მდგომარეობაშია.
„არც პრეზიდენტი, არც მთავრობა და არც უმაღლესი რადა ქვეყანას არ მართავენ. ქვეყანას მართავენ უცხოური სამეთვალყურეო საბჭოები, რომლებსაც ქვეყანაში არავინ იცნობს, რომლებიც არაფერზე პასუხს არ აგებენ და რომლებიც ახორციელებენ სტრატეგიას - ისე, როგორც გვითხრა წინა პრემიერ-მინისტრმა - უკრაინის ევროპის რესურსულ ცენტრად გადაქცევის შესახებ“, - აღნიშნა მან.
გამოსვლისას ოპოზიციონერმა ლიდერმა ყურადღება სახელმწიფო ბიუჯეტსა და მაღალ ხელფასებზეც გაამახვილა. ტიმოშენკოს განცხადებით, დღეს ქვეყანაში რეალურად „ორი უკრაინის ბიუჯეტია“ - პირველი ნაწილი იმ უკრაინისთვისაა, რომელიც უკვე „დე ფაქტო კოლონიზებულია“ და სადაც უცხოური საბჭოების მიერ დანიშნული პირები თვეში 200 000 გრივნაზე მეტს იღებენ, ხოლო სახელმწიფო მონოპოლიებში, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებული კანონების წყალობით, ხელფასებმა შესაძლოა მილიონ გრივნასაც მიაღწიოს.
„და ამიტომ ჩვენ გვაქვს ეს ბიუჯეტი. ერთი უკრაინისთვის, რომელიც უკვე დე ფაქტო კოლონიზებულია. იქ, სადაც ასეთმა უცხოურმა სამეთვალყურეო საბჭოებმა სინამდვილეში უკვე შეცვალეს კადრები და დანიშნეს საკუთარი, წინასწარ მომზადებული [კადრები], რომლებმაც ზუსტად იციან მიზნები და ამოცანები, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო უკრაინასთან, სამაგიეროდ აქვთ საერთო უკრაინის ათვისებასთან“, - დასძინა მან.
0
0