23/12/2024
14:42
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ბექა ჯაიანი პატიმრობაში დატოვა.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ჯაიანს პროკურატურამ ბრალი დაუზუსტა და მას ბრალი 126-ე მუხლით წარედგინა, რაც გენდერისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ფიზიკურ ძალადობას გულისხმობს.
სხდომას ესწრებოდა მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი. ჯაიანმა სხდომაზე სიტყვის უფლებით ისარგებლა და აღნიშნა, რომ წარდგენილ ბრალდებაში ის თავს დამნაშავედ ნაწილობრივ ცნობს. საუბარია მკვლელობის ნაწილზე. ხოლო იმ ნაწილში, სადაც საუბარია კესარია აბრამიძის გენდერის თვალსაზრისით სისტემატურად ცემის ეპიზოდზე, ჯაიანი თავს დამნაშავედ არ ცნობს.
„თავს დამნაშავედ ვცნობ, ოღონდ ნაწილობრივ. გენდერს ნიშნით ცემას არ ვეთანხმები. ეს არის ჩემი პოზიცია. თავს დამნაშავედ ვცნობ იმაში, რომ ადამიანი მოვკალი”, – აღნიშნა პროცესზე ბექა ჯაიანმა.
მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ დღევანდელ პროცესზე დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა მტკიცებულებასთან დაკავშირებით და პროკურატურის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება სრულად დასაშვებად ცნო.
ჯაიანის ადვოკატ სალომე არდოტელს პროცესზე აღკვეთის ღონისძიების შეცლა არ მოუთხოვია. მან მხოლოდ სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტა მოითხოვა ბრალდებაზე, რომლის მიხედვითაც, ბექა ჯაიანი კესარია აბრამიძეზე გენდერის ნიშნით სისტემურად ძალადობდა.
კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ 26 წლის ბექა დააკავა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ასევე ჯაიანს ბრალდება 126-ე მუხლით ჩადენილი დანაშაულისთვისაც წარედგინა, რაც გენდერისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ფიზიკურ ძალადობას გულისხმობს. ბექა ჯაიანს 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
0
0