16/05/2022
14:15
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლო ე.წ. „რუსთავი 2“-ის საქმეზე განაჩენის გამოცხადებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
სასამართლოს ცნობით, შეფასდა თითოეული ბრალდებულის როლი და მონაწილეობის ხარისხი დანაშაულებრივ სქემაში და აღნიშნულის საფუძველზე კახაბერ დამენიას განუსაზღვრა ჯარიმა 50000 ლარის ოდენობით, ხოლო ნიკა გვარამიას საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, იმის გათვალისწინებით რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა მის მიერ ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორ ეპიზოდში დანაშაულის ჩადენის ფაქტი, სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით.
„2022 წლის 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის არსებითად განხილვა ბრალდებულების: ნ.გ.-ს, კ.დ.-ს და ზ.ი.-ს მიმართ. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლომ ზ.ი-ის მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენი, ხოლო ნ.გ-ის მიმართ ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა, ასევე, ნ.გ.-ის და კ.დ.-ის მიმართ შეცვალა არსებული კვალიფიკაცია და ქმედება დააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება).
საქმის მასალების მიხედვით, ნ.გ.-ს ბრალად ედებოდა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, კ.დ.-ს ბრალად ედებოდა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვა, ხოლო ზ.ი.-ს ბრალად ედებოდა კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება.
საქმის მასალების თანახმად, 2014-2019 წლებში ნ. გ. იყო შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, რომელსაც საწარმოს წესდების თანახმად, ეკისრებოდა ვალდებულება კეთილსინდისიერად, საზოგადოების და პარტნიორების ბიზნესინტერესების სასარგებლოდ ემოქმედა, თუმცა მიუხედავად აღნიშნული ვალდებულებისა ნ.გ.-მ 2015 წელს კომპანიის სახელით ხელშეკრულება გააფორმა შპს „ინტერ მედია პლიუსთან“ და დაუთმო საკუთარი არხების ეთერში კომერციული რეკლამის განთავსების უფლება. იმავე წელს, მარტის თვეში ფინანსების გაკონტროლების მიზნით ნ.გ.-მ ხსენებული კომპანიის 30%-იანი წილი მეგობრის სახელზე გააფორმა და შემდეგ ტელეკომპანიის სარეკლამო დროის გასხვისებისას მიღებული მთლიანი შემოსავლის 90-95%-ს ითხოვდა შპს „ინტერ მედია პლიუსისგან“, დარჩენილ თანხას კი მომსახურების გაწევის სანაცვლოდ ტოვებდა.
ნ.გ-მ და საწარმოს ფინანსურმა დირექტორმა კ.დ.-მ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ინტერესების უგულებელყოფით, წინასწარი შეთანხმებით განიზრახეს „ინტერ მედია პლიუსის“ სასარგებლოდ, გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე არსებული ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგა. ნ.გ-მ და კ.დ.-მ საერთო ჯამში 2014 წელს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მიღებულ თანხებთან შედარებით, (სულ 43 230 509 ლარი) შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ზე კომერციული რეკლამის განთავსების უფლების დათმობის სანაცვლოდ მოითხოვეს 36 467 000 ლარის ანაზღაურება, რითაც გაფლანგეს „ინტერ მედია პლიუსისგან“ 6 763 509 ლარის მოთხოვნის უფლება.
საქმის არსებითად განხილვისას სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რაც ნ.გ.-ს და ზ.ი.-ს კომერციული მოსყიდვის, ფულის გათეთრებისა და ყალბი დოკუმენტის დამზადების ნაწილში პირის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისი იქნებოდა. რაც შეეხება ქმედების გადაკვალიფიცირებას, სასამართლომ ჩათვალა, რომ სახეზე იყო ბრალდებულთა მიერ საწარმოში, ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი, ან სპეციალური უფლებამოსილების გამოყენება, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ, თავისთვის, ან სხვისთვის გამორჩენის, ან უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. სასამართლომ, ასევე შეაფასა თითოეული ბრალდებულის როლი და მონაწილეობის ხარისხი დანაშაულებრივ სქემაში და აღნიშნულის საფუძველზე კ.დ.-ს განუსაზღვრა ჯარიმა 50000 ლარის ოდენობით, ხოლო ნ.გ.-ს, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, იმის გათვალისწინებით რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა მის მიერ ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორ ეპიზოდში დანაშაულის ჩადენის ფაქტი, სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით“, - ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0