
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დეკემბერში ფლორიდაში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტს დაესწროს.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ზოგიერთს არ მოეწონება.
„მას თუ დასწრება სურს, რა თქმა უნდა, შეუძლია. ზოგიერთს ეს არ მოეწონება“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, პუტინს უკრაინასთან ომის დასრულება სურს. ტ
რამპმა რუსეთის „დიდი რვიანიდან“ (G8) გარიცხვაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებამ მოსკოვის უკმაყოფილება გამოიწვია.
„შეხედეთ, უნდა გესმოდეთ ერთი რამ. ჩვენ შეთანხმების მიღწევა გვინდა. მკვლელობების შეჩერება გვინდა. შემიძლია ვთქვა, რომ ის ჩემი მეგობარი არ არის, ან სხვა რამ, მაგრამ შეთანხმების მიღწევა მინდა. შეთანხმება უნდა დავდო. ისინი თვეში 25 000 ადამიანს კარგავენ. შემიძლია მივიდე და ვუთხრა, რომ არ მომწონხარ, მაგრამ მაშინ იგივე პრობლემა გვექნება, რაც ზელენსკისა და პუტინის შემთხვევაში გვაქვს. იცით, ამ შეთანხმების მიღწევის ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ორი ლიდერი ერთმანეთს ნამდვილად ვერ იტანს. მთავარი ის არის, რომ მას შეთანხმების დადება სურს. იცით, როდესაც ის „დიდი რვიანის“ წევრი იყო, პრეზიდენტ ობამას სურდა მისი გარიცხვა. და თუ ის წევრად დარჩებოდა, შესაძლოა, ეს ომი ახლა არ გვქონოდა. მას ძალიან ეწყინა, როდესაც ეს მოხდა. ახლა კი „დიდი შვიდეულია“. ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, ვისურვებდი, რომ რუსეთი მონაწილეობდეს. ვფიქრობ, ეს ბევრად უფრო ძლიერი ჯგუფი იყო, როდესაც მასში რუსეთი შედიოდა. შეხვედრაზე მივდივართ და რუსეთზე, უკრაინაზე ვსაუბრობთ. ვთქვი, კარგი არ იქნებოდა, რუსეთი თავად ყოფილიყო ამ ოთახში? ძალიან მტკიცედ მჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება რომ არ მიეღოთ, ახლა ეს ომი არ გვექნებოდა“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან, შეხვედრის შესახებ ისაუბრა. ტრამპის თქმით, რუტესთან ევროპაში ამერიკული სამხედრო ძალების განლაგების საკითხზე ესაუბრა. როგორც ტრამპმა აღნიშნა, ირანის საკითხში ალიანსი აშშ-ს სათანადოდ არ დაეხმარა, თუმცა გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს, რამაც მისი დამოკიდებულება შეცვალა.
„ირანთან დაკავშირებით მათ დიდი დახმარება არ გაგვიწიეს, ნამდვილად არ დაგვხმარებიან. თუმცა, ჩვენ გრენლანდია მივიღეთ – დიახ, გრენლანდია მივიღეთ. ის ტეხასზე სამჯერ დიდია. გულწრფელად რომ ვთქვა, ამან ჩემი დამოკიდებულება გარკვეულწილად შეცვალა. მინდა, დანიას მადლობა გადავუხადო. ისინი შესანიშნავები იყვნენ. ჩვენ რუსეთზე, უკრაინაზეც ვისაუბრეთ. ძირითადად, ვიტყოდი, საუბრის უმეტესი ნაწილი რუსეთსა და უკრაინას ეხებოდა. ცოტა ვისაუბრეთ იმ სამუშაოზეც, რომელიც მელანიამ შეასრულა. მან მოკლევადიანი ცეცხლის შეწყვეტა უზრუნველყო და, ვფიქრობ, 800-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანა. ადამიანები, რომლებიც, ალბათ, ახლა ცოცხლები აღარ იქნებოდნენ, ეს რომ არ გაეკეთებინა. მათ შორის იყვნენ ახალგაზრდებიც, თუმცა ძალიან ხანდაზმული ადამიანებიც იყვნენ. ეს ძალიან სამწუხარო ვითარება იყო“, – განაცხადა ტრამპმა.
0
0