21/03/2023
21:29
პოლიტიკა
სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 44-ე პლენარული სესია მიმდინარეობს. სესიის მუშაობაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია და იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი მონაწილეობენ.
პლენარული სესია კონგრესის პრეზიდენტმა ლინდერტ ვერბეკმა გახსნა, რის შემდეგაც მოხსენებით ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია ბურიჩი წარდგა.
თბილისის საკრებულოს დელეგაციის წევრმა ლევან ჟორჟოლიანმა ევროპის საბჭოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საბჭოს კონსოლიდირებული ანგარიშების რეგულარული მომზადებისთვის, რომლებიც, ლევან ჟორჟოლიანის თქმით, აფხაზეთსა და ცხინვალში ადამიანის უფლებების და გამწვავებული ჰუმანიტარული ვითარების მონიტორინგის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ასევე დაინტერესდა, ევროპის საბჭოდან რუსეთის გარიცხვის ფონზე, როგორ მოხდება საერთაშორისო საზოგადოებისთვის ანგარიშების მიწოდება, სადაც ასახული იქნება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის მძიმე ფაქტები, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ჩადის.
ლევან ჟორჟოლიანმა ასევე მადლობა გადაუხადა სტრასბურგის სასამართლოს, რომელმაც საქმეზე “მამასახლისი რუსეთის წინააღმდეგ” დაადგინა, რომ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლს 2008 წლამდეც ახორციელებდა.
დღესვე, ლევან ჟორჟოლიანმა, თემაზე „რუსეთის ფედერაციის ომი უკრაინის წინააღმდეგ“, კონგრესის წევრებს მიმართა და განაცხადა, რომ საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებით რუსეთი ერთსა და იმავე პოლიტიკას აწარმოებს. მისივე თქმით, საქართველოს მიერ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, არის მტკიცე და შეუქცევადი. ლევან ჟორჟოლიანმა იმ დახმარებაზეც ისაუბრა, რასაც საქართველოს მთავრობა უკრაინას ომის დაწყებიდან დღემდე უწევს.
„უკრაინელი ხალხის ტანჯვა დამთრგუნველია და დიდხანს დატოვებს კვალს თითოეულ ჩვენგანზე. აუცილებლად უნდა იქნეს და იქნება კიდეც პასუხისმგებლობა აღებული სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დაშაულებზე. კიდევ ერთხელ გამოვხატავთ სოლიდარობას უკრაინელი ხალხის მიმართ. საქართველოს მიერ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, არის მტკიცე და შეუქცევადი. საქართველო სოლიდარობას გამოხატავს უკრაინის მიმართ არამხოლოდ სიტყვებით, არამედ ასევე მტკიცე პოლიტიკური და დიპლომატიური ნაბიჯებით, როგორც ორმხრივ ასევე საერთაშორისო პლატფორმებზე. გარდა იმისა, რომ ჩვენს ქვეყნებს ისტორიული მეგობრობა აკავშირებთ, ჩვენ ასევე ვიზიარებთ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საერთო გზას. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები განაგრძობენ მუშაობას კიევში, ოდესასა და ლვოვში ხალხის დასახმარებლად.
საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს უკრაინას ომის დაწყებიდან, ასევე ეხმარება საქართველოში ჩამოსულ უკრაინის მოქალაქეებს, ამ დახმარების პროცესში ცენტრალურმა და ადგილობრივმა ხელისუფლებებმა თავისი როლი აიღეს და დაიწყეს თანამშრომლობა კომპეტენციების მიხედვით. საქართველოში ჩვენ არ ვამბობთ - „უკრაინელი ლტოლვილები“, ჩვენ ვამბობთ - „უკრაინელები, რომლებიც საქართველოში ჩამოვიდნენ“, ჩვენ ვცდილობთ როგორც სამთავრობო, ისე პიროვნულ დონეზე, მათ უსაფრთხოების განცდა შევუქმნათ“- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ საქართველოს მიმართ რუსეთის მიერ განხორციელებულ სამხედრო აგრესიაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოსთვის რუსეთის აგრესიის გამანადგურებელი შედეგები კარგად ნაცნობია.
დღესვე, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის პლენარულ სესიაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის ომის შესახებ დეკლარაცია მიიღეს.
0
0