02/05/2024
12:33
პოლიტიკა
საზოგადოება ხედავდა პოლიტიკური უმცირესობის გუშინდელ უხეშ ვანდალიზმს და ძალადობრივ აქციას, ჰგონიათ, შანსი ექნებათ, ცალკეულ ქუჩებზე ცეცხლის კერების გაჩენის მსგავსად, ცეცხლის კერას მთელ ქვეყანაში გააჩენენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ სამარკო ნიშანი რადიკალიზაცია და ძალადობაა, თუმცა საზოგადოება ამ ყველაფერს ძალიან სწორად და მკაცრად შეაფასებს.
„საზოგადოება ხედავდა პოლიტიკური უმცირესობის უხეშ ვანდალიზმს და ძალადობრივ აქციას, რომელსაც კარგად ორგანიზებული ხასიათი ჰქონდა და ფაქტია, ეს ვანდალიზმი არ დაიგეგმა ერთ და ორ დღეში. როგორც ჩანს, იმ ტრენინგების შედეგია რაზეც ფრანკლინის კლუბი, „გირჩი“ და სხვა მსგავსი რადიკალური ოპოზიციის, „ნაცების“ წარმომადგენლები მუშაობდნენ. არ გვიკვირს, ვინაიდან „ნაციონალური მოძრაობის“ სამარკო ნიშანია რადიკალიზაცია და ძალადობა. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, პასუხისმგებლობის ნაწილი. ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე ის ოპოზიციური ლიდერები, ვისაც ერთი სული აქვთ, ჩვენს ქვეყანაში მოხდეს არეულობა. ჰგონიათ, შანსი ექნებათ, ცალკეულ ქუჩებზე გუშინდელი ცეცხლის კერების გაჩენის მსგავსად, ცეცხლის კერას მთელ ქვეყანაში გააჩენენ, საზოგადოება ამ ყველაფერს ძალიან სწორად და მკაცრად შეაფასებს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
0
0