
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს VIII მოწვევის უმრავლესობის წევრმა, გლდანი 1-ის (ავჭალა) მაჟორიტარმა შალვა ოგბაიძემ 2025-2026 წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.
ანგარიშის წარდგენას თბილისის საკრებულოს წევრები კონსტანტინე ზარნაძე და ცოტნე ჩიქვინიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე და გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე ესწრებოდნენ.
საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრმა შალვა ოგბაიძემ ანგარიშის წარდგენისას თბილისის საკრებულოში გაწეული საქმიანობის შესახებ დეტალურად ისაუბრა და საკრებულოს კომისიებსა და ფრაქციაში საკუთარი აქტივობა დაწვრილებით მიმოიხილა. ანგარიშში ასევე ვრცელი ადგილი საკრებულოს წევრის სამაჟორიტარო ოლქში წლის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობას დაეთმო.
ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ჩატარდა საკრებულოს 18 და ბიუროს 20 სხდომა, რომლებზეც 95 დადგენილება და 714 განკარგულება მიიღეს. ამავე პერიოდში ჩატარებულია სატრანსპორტო საკითხთა კომისიის 17 სხდომა, რომლებზეც 62 საკითხი განიხილეს.
ანგარიშის წარდგენისას შალვა ოგბაიძემ დაწვრილებით ისაუბრა საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის ინიციატივებზე და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიმართულებით დედაქალაქის ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებები მიმოიხილა.
ანგარიშში ვრცელი ადგილი ეთმობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების გაუმჯობესების მიზნით გატარებული ღონისძიებების ჩამონათვალს. კერძოდ, საუბარია დიდი დიღმისა და მეტროსადგურ „დიდუბის“ დამაკავშირებელი ტრამვაის ხაზის პროექტთან დაკავშირებით გამოცხადებული ტენდერის დასრულებაზე; თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის რუკის შემუშავებაზე; ახალი საავტობუსო ზოლების მოწყობაზე; დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ტრანსპორტის გადაადგილების ახალი სქემების შემუშავებაზე; მეტროპოლიტენის მუშაობის გაუმჯობესების მიზნით გატარებულ ღონისძიებებზე; ახალი მიკროავტობუსებისა და ავტობუსების დანიშვნაზე; შეღავათიან ტარიფებზე და სხვა.
შალვა ოგბაიძემ ანგარიშის წარდგენისას ასევე ვრცლად ისაუბრა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. მიმოიხილა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი; გრიგოლ რობაქიძის გამზირისა და აკაკი ბელიაშვილის ქუჩების კვეთაზე გზაგამყოფი კუნძულების გამწვანებით ახალი სატრანსპორტო კვანძის მოწყობა; შალვა დადიანისა და ლადო ასათიანის ქუჩების კვეთაზე საგზაო ინფრასტრუქტურული დასრულებული სამუშაოები და მდინარე დიღმურაზე, თეთრი დუქნის ქუჩაზე, ვაშლიჯვრისა და სოფელი დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდის გახსნა.
საკრებულოს წევრის ანგარიშში საკმაოდ ვრცელი ადგილი გლდანი 1-ის - ავჭალა, ზაჰესი, გლდანისხევი, სარაჯიშვილი, სოფელი გლდანი - სამაჟორიტარო ოლქში წლის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობას დაეთმო.
საანგარიშო პერიოდში 50 მიღება გაიმართა, სადაც გასაუბრება 700-მდე მოქალაქესთან მოხდა. ასევე განხორციელდა გასვლითი შეხვედრები და მომზადდა და შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა 200-მდე წერილი.
შალვა ოგბაიძემ მოსახლეობასთან შეხვედრების შედეგად ადგილობრივი საჭიროებების გამოვლენაზე, მათი წერილებისა და წინადადებების განხილვის შედეგად სხვადასხვა სამსახურთან და სამინისტროსთან თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ არაერთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტზე ისაუბრა.
საკრებულოს წევრმა იმ სიახლეებზეც გაამახვილა ყურადღება, რომლებიც, მათ შორის, საგზაო ინფრასტრუქტურის, სპორტული და რეკრეაციული სივრცეების განვითარების მიმართულებით მის სამაჟორიტარო რაიონში არსებულ სხვადასხვა მისამართზე განხორციელდა.
შალვა ოგბაიძემ ანგარიშის პრეზენტაციაზე შეკრებილ საზოგადოებას სამაჟორიტარო რაიონში კონკრეტულ მისამართებზე განხორციელებული ბაგა-ბაღების მშენებლობის დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.
მაჟორიტარმა ასევე ვრცლად ისაუბრა გზის საფარის კაპიტალური რეაბილიტაციის, ლიფტების განახლების, საცხოვრებელი კორპუსების სახურავებისა და ხიდების მშენებლობა-რეაბილიტაციის, სართულშორის ნაპრალების რეაბილიტაციის, სახურავის შესაკეთებელ და წითელ ხაზებში მოქცეული შიდა წყალარინების გაყვანილობის შეცვლის მიმართულებით შესრულებულ პროექტებზე.
შალვა ოგბაიძის ანგარიშის წარდგენას დედაქალაქის მერიის, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და სამაჟორიტარო რაიონში მცხოვრები მოსახლეობა ესწრებოდა.
0
0