09/06/2022
17:10
სამხედრო
თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ქართულ-პოლონური საწარმო წლის ბოლომდე ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს გამოუშვებს.
როგორც ბურჭულაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, შექმნილია ერთობლივი საწარმო, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე უპილოტო თვითმკვლელი და სადაზვერვო საფრენი აპარატების წარმოებას უზრუნველყოფს.
„ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან თანამშრომლობით მოვითხოვეთ „ჯაველინების“ მეორე პარტიის შესყიდვაც, რაც გასულ წელს დაკმაყოფილდა. აღნიშნული პარტიის მოწოდება უკვე მომავალი წლიდან დაიწყება, ასევე გაგზავნილია მოთხოვნა „ჯაველინების“ სისტემის მესამე პარტიის შესყიდვაზეც. გარდა „ჯაველინების“ სისტემისა, მიმდინარეობს მუშაობა თანამედროვე ჯავშანსაწინააღმდეგო, ერთჯერადი და მრავალჯერადი ყუმბარმტყორცნების შეძენაზე. შერჩეულია კონკრეტული მწარმოებლები და ახლო მომავალში იგეგმება მისი შესყიდვა. კიდევ ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რომლის მნიშვნელობაც საბრძოლო მოქმედებებმა დაგვანახა, არის ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატები, მათ შორის მოიერიშე, ტაქტიკური სადაზვერვო აპარატები. ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ, რომ უპილოტო საფრენი აპარატების საქართველოში წარმოების დაწყება მოხდეს. ამ ეტაპზე შექმნილია ერთობლივი საწარმო, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე უპილოტო თვითმკვლელი და სადაზვერვო საფრენი აპარატების წარმოებას უზრუნველყოფს. აღნიშნული ქართულ-პოლონური საწარმო აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით, ასევე საწარმოს ბაზაზე შეიქმნება შესაბამისი ინვენტარით აღჭურვილი სასწავლო ცენტრი, რომელიც მომსახურებას გაუწევს თავდაცვის ძალებს როგორც პირველად სწავლებაში, ასევე უნარების შენარჩუნებასა და დახვეწაში. გეგმის მიხედვით, კომპანია შპს „დელტა-ვებე“ წლის ბოლომდე გამოუშვებს ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს, ამასთან ადგილობრივი წარმოების გარდა იგეგმება უპილოტო საფრენი აპარატების შესყიდვაც“,- განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
0
0