24/11/2026
23:18

მოლდოვაში ვაშლის უხვი მოსავლის ფონზე ფერმერები პროდუქციის რეალიზაციის მწვავე პრობლემებს აწყდებიან. ფლორეშტის რაიონში მხოლოდ ერთ ფერმერს, სემიონ დონცოვს, მისივე თქმით, საწყობებსა და ბაღებში დაახლოებით 500 ტონა გაუყიდავი ვაშლი რჩება.
წინასწარი შეფასებით, 2026 წელს მოლდოვაში ვაშლის მოსავალმა შესაძლოა 590–600 ათას ტონას მიაღწიოს, რაც ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გადამამუშავებელი საწარმოები სრული დატვირთვით მუშაობენ, თუმცა მთელი მოსავლის მიღებას ვერ ახერხებენ.
გადასამუშავებელი ვაშლის შესასყიდი ფასი ძირითადად ერთ კილოგრამზე 2–2,3 მოლდოვურ ლეის შეადგენს, ცალკეულ შემთხვევებში კი 1,7 ლეიმდეც ეცემა. ფერმერების თქმით, ასეთი ფასი წარმოების ხარჯებს ვერ ფარავს.
ევროკავშირის ბაზარზე მოლდოვას ყოველწლიურად 50 ათასი ტონა ვაშლის უბაჟოდ შეტანის შესაძლებლობა აქვს, თუმცა კვოტის სრულად ათვისებას სერტიფიცირების, პროდუქციის ხარისხისა და ლოგისტიკის მოთხოვნები ართულებს. მოლდოველი ეკონომისტების ნაწილი ხელისუფლებას ფერმერების არასაკმარისი მხარდაჭერის გამო აკრიტიკებს.
ვითარებას ამძიმებს ევროპულ ბაზარზე ვაშლის კონცენტრატის ფასის ვარდნაც - სეზონის დასაწყისში ერთი ტონა 1 300 – 1 400 ევრო ღირდა, ნოემბერში კი 1 000–1 100 ევრომდე დაეცა. მოთხოვნის შემცირების გამო ზოგიერთი საწარმო ნედლეულის შესყიდვას უკვე ზღუდავს.
0
0