15/11/2023
19:39
სამხედრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა. სამების საკათედრო ტაძარში ჯუანშერ ბურჭულაძემ პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ამჯერად უგზო-უკვლოდ დაკარგული 20 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება მოხერხდა, მათგან 14 სამხედრო და 6 მშვიდობიანი მოქალაქეა. 5 მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით, დანარჩენებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე დაკრძალავენ.
1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში, პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა. ამ დრომდე, მექანიზმების ფარგლებში, ნაპოვნია 604 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 265, 2000-ზე მეტი კი დაკარგულად ითვლება.
0
0