18/01/2023
11:01
სამხედრო
თავდაცვის კოდექსის პროექტის განხილვა გრძელდება. ამჯერად თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ მორიგი შეხვედრა სახალხო დამცველის აპარატისა და სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წარმომადგენლებთან გამართა.
თავდაცვის სამინისტროში მიწვეულ სტუმრებს მინისტრის მოადგილემ თავდაცვის კოდექსის პროექტი წარუდგინა და დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა. გრიგოლ გიორგაძემ შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნო კოდექსით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი რეფორმები, რომლებიც არსებითად ცვლის და თავდაცვის მიზნებზე სრულად მორგებულს ხდის სამხედრო სავალდებულო სამსახურს და შემოაქვს სამხედროების სოციალური დაცვის უმნიშვნელოვანესი გარანტიები.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ახალი კოდექსით დისკრეციული პირობებით სარგებლობის შესაძლებლობა არცერთ კონფესიას არ ექნება, ყველა რელიგიის წარმომადგენელი სამხედრო ვალდებულია და სასულიერო პირებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური, რომლის პირობები განისაზღვრება შესაბამისი კანონმდებლობით. რელიგიათა საბჭოს წარმომადგენლებმა მინისტრის მოადგილეს მადლობა გადაუხადეს თავდაცვის კოდექსის პროექტის გაცნობისათვის და მათი წინადადებები და მოსაზრებები წარადგინეს.
თავდაცვის კოდექსთან დაკავშირებით განხილვა მანამდე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან გაიმართა. თავდაცვის სამინისტრომ 2022 წლის ბოლოს მოახდინა თავდაცვის კოდექსის პროექტის ინიცირება, რომლის განხილვა და მიღება პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზეა დაგეგმილი.
0
0