
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, აქტივისტ თამარ ლორთქიფანიძეს ძალადობის და პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის ფაქტზე წარედგინა ბრალი.
პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის 22 ოქტომბერს, საღამოს საათებში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა ტაქსის მძღოლს სახის არეში დაარტყა, რის შედეგადაც დაზარალებულმა დაზიანება მიიღო.
მათივე ცნობით, ასევე ბრალდებული საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის დროს, თავს დაესხა შსს საპატრულო პოლიციის ავტომანქანას, ავიდა მის სახურავზე და ფეხების დარტყმით განზრახ დააზიანა. ბრალდებულის ქმედებამ 3300 ლარის ოდენობით ზიანი გამოიწვია.
„სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
1
0