
ტანას ხეობაში სტიქიას ებრძვიან. ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ტანა ნაპირიდან გადმოვიდა და სოფელი ბოშური დატბორა.
სოფელ ბოშურში მცხოვრები 8 ოჯახი სახლში დაბრუნებას წყლის ნაკადის გამო ვერ ახერხებს.
სტიქიის შედეგად დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები, რამდენიმე ადგილას დაზიანებულია გზა.
ბოშურის გარდა სტიქიამ მიმდებარე სოფლებიც დააზარალა.
სტიქიის ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. შპს „იბოლიას“ წარმომადგენლები ცდილობენ წყლის ნაკადს მიმართულება მისცენ, რათა ადგილობრივებმა საკუთარ სახლში შესვლა შეძლონ.
„67 წლის ვარ და ასეთი წყალდიდობა არ მინახავს. პირველად სეტყვა მოვიდა და შემდეგ სეტყვას მოჰყვა წვიმა. გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია წყალდიდობა. ნაკვეთები დატბორა, გზები დააზიანა. ყოველ დღე წვიმს მაგრამ ასეთი გადაუღებელი წვიმა არ ყოფილა“, - აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები.
„დროული რეაგირება მოხდა. გუშინვე ადგილზე იყვნენ გასული შესაბამისი სამსახურები. სპეცტექნიკა გამოძახებულ იქნა. სპეცტექნიკა ღამის 2-3 საათამდე მუშაობდა. დილით სამუშაოები განახლდა და ველოდებით დამატებით სპეცტექნიკას“, - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.
0
0