
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის გადაწყვეტილების გადავადებაზე საუბარი არ არის.
გაბუნიას თქმით, ყველა მონაწილე მხარეა ჩართული იმაში, რომ თამბაქოს კონტროლი შესრულდეს.
„რაც შეეხება სადა შეფუთვას, მთავრობის დადგენილება გამოცემულია, რომელიც აზუსტებს ტექნიკურ მოთხოვნებს, თუ რას ნიშნავს სადა შეფუთვა. ამოქმედების ვადა პირველი იანვარი.
რაიმე საფუძველი, რომ გადავადებაზე ვისაუბროთ, არ არსებობს, პირიქით, ტარდება ძალიან ბევრი შეხვედრა ყველა მონაწილე მხარის ჩართულობით, რათა მოთხოვნები, რომელიც უკავშირდება თამბაქოს კონტროლს, რაც არის უკვე დადგენილი საქართველოს კანონმდებლობით, შესრულდეს.
ეს ასევე გვაახლოებს ევროკავშირის მოთხოვნებთან, ევროდირექტივებთან და არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა პრევენციული ზომები, რაც უკავშირდება თამბაქოს მოწევის შეწყვეტას და თამბაქოს მოწევით გამოწვეულ მთელ რიგ დაავადებებს, თავიდან ავიცილოთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ცნობისთვის, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან მთავრობის დადგენილებით, თამბაქო ახალი შეფუთვით გაიყიდება. სტანდარტიზებულმა ანუ სადა შეფუთვამ პროდუქტი ისე უნდა გარდაქმნას, რომ თამბაქოს მიმზიდველობა შეამციროს და მომხმარებელმა ერთი ბრენდის ნაწარმი მეორისგან მარტივად, ერთი შეხედვით ვერ გაარჩიოს.
ცვლილების მიხედვით, იკრძალება თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე და თითოეულ ღერზე ბრენდის, ლოგოს, სასაქონლო ნიშნის ან მისი აღმნიშვნელი სხვა ელემენტის გამოყენება. ბრენდის სახელწოდება შეფუთვაზე ისევ იქნება, თუმცა ნაკლები ხილვადობით. მისი განთავსება ქართულ ენაზე სავალდებულო ხდება, სურვილის შემთხვევაში კი ინგლისური შრიფტითაც დაშვებული იქნება. კოლოფის დიდ ნაწილს კი ჯანმრთელობის რისკების შესახებ გამაფრთხილებელი წარწერები და პიქტოგრამები დაიკავებს.
0
0