
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი აცხადებს, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ არაერთხელ უღალატა საკუთარ ამომრჩეველს, უარი თქვა დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობაზე და კონსტიტუციურ წესრიგს დაუპირისპირდა.
მისი შეფასებით, ევროპული ქვეყნების მაგალითები ადასტურებს, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპების წინააღმდეგ მოქმედი პოლიტიკური ძალების აკრძალვა დემოკრატიული პროცესის ნაწილია.
დეპუტატის განცხადებით, ოპოზიციურმა პარტიებმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უარი თქვეს მანდატებზე, რითაც საკუთარ ამომრჩეველს უღალატეს, ახლა კი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესში მონაწილეობით იმ სტრუქტურების ლეგიტიმაციას აღიარებენ, რომლებსაც მანამდე არალეგიტიმურად აცხადებდნენ.
„ის, რაც დემოკრატიული პროცესია გერმანიაში, ჩეხეთში, პოლონეთში, მოლდოვაში, ესპანეთში, საბერძნეთსა თუ სხვა ევროპულ ქვეყნებში, ბუნებრივია, დემოკრატიული პროცესი იქნება საქართველოშიც. აღარაფერს ვამბობ მოლდოვაზე, სადაც ბოლო წლებში 4 პარტია აკრძალეს და ეს მთელმა ევროპულმა პოლიტიკურმა ელიტამ მოიწონა, ან კიდევ უკრაინაზე, სადაც 18 პარტია აიკრძალა, თითქოს ომის საბაბით.
მაგრამ ომი არაფერ შუაშია დემოკრატიული საზოგადოების ფუნქციონირებასთან. დემოკრატია ომის დროსაც დემოკრატიაა და მშვიდობის დროსაც. პარტია თუ არის დემოკრატიული, ის ომის დროსაც უნდა ფუნქციონირებდეს და მშვიდობის დროსაც, ხოლო თუ პარტია თავისი ქმედებებით, მიზნებით, მოწოდებებით, მოქმედების ფორმებითა და შინაარსით ეწინააღმდეგება დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებს და საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს ნორმალურ და მშვიდობიან ფუნქციონირებას, ასეთი პოლიტიკური ძალის ადგილი არ არის დემოკრატიულ საზოგადოებაში არც ომის და არც მშვიდობიანობის დროს. საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირ განსაზღვრავს, რომ ასეთი პოლიტიკური ძალა უნდა აიკრძალოს.
როდესაც პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკური ლიდერები პირდაპირი ტექსტით მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ ხელისუფლება უნდა დაამხონ (მაგალითად, შარშანდელი 4 ოქტომბრის მოვლენები საქართველოში) და შესაბამის მობილიზებასაც ეწევიან, ბუნებრივია, ეს არ არის დემოკრატიული პროცესი. რადიკალებმა მოიფიქრეს ტერმინი „მშვიდობიანი დამხობა“ - თითქოს სიტყვა „მშვიდობიანის“ გამოყენებით სცადეს თავიანთი დანაშაულებრივი გეგმებისა და განზრახვების შეფუთვა, მაგრამ როდესაც პრეზიდენტის სასახლეში სცადეს შეჭრა, ამით მათი გეგმები ყველასთვის გამოაშკარავდა. ყველასთვის ცხადი გახდა, რომ მათ არ უნდათ დემოკრატიული პროცესი. დემოკრატიულ სახელმწიფოში კი, თუ არ გინდა დემოკრატიული არჩევნები და კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გადიხარ, ე.ი. შენი ადგილი, როგორც პოლიტიკური ძალის, იმ დემოკრატიულ საზოგადოებაში არ არის.
პოლიტიკური პარტიებისა და ენჯეოების სახელით მოქმედი უცხოური აგენტურა 2016 წლიდან მოყოლებული, საბოტაჟითა და დემოკრატიული პროცესის უგულებელყოფით ცდილობდა ნებისმიერი არჩევნების დელეგიტიმაციას. ასე იყო 2016 წლის არჩევნების შემდეგ. იგივე გაგრძელდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების, 2020 და 2024 წლების საპარლამენტო და 2021 და 2025 წლების თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში.
2024 წლის არჩევნების შემდეგაც მათ მორიგ ჯერზე უღალატეს საკუთარ ამომრჩეველს და უარი თქვეს საპარლამენტო მანდატებზე. არადა, რადიკალებს, ჯამში, საპარლამენტო მანდატების 2/5-ზე მეტი ჰქონდათ, რაც ძალიან მაღალი წარმომადგენლობაა. მათ შეეძლოთ, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, კონსტიტუციური პროცესის ფარგლებში, ებრძოლათ საკუთარი პოლიტიკური ხედვების განხორციელებისთვის.
დღეს იგივე პარტიები საკონსტიტუციო სასამართლოში არიან და დაობენ იმ დოკუმენტის წინააღმდეგ, რომელიც მათ მიერ არალეგიტიმურად გამოცხადებული პარლამენტის მიერ შექმნილმა, ასევე არალეგიტიმურად გამოცხადებულმა კომისიამ მიიღო. დაობენ საკონსტიტუციო სასამართლოს იმ მოსამართლეების წინაშე, რომელთაგან ორი სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ დანიშნა მათ მიერვე არალეგიტიმურად გამოცხადებულმა პრეზიდენტმა. იმას კი ვერ აცნობიერებენ, რომ ამით ისინი, ნებსით თუ უნებლიეთ, აღიარებენ ამ სტრუქტურების ლეგიტიმაციას.
მაშინ ჩნდება ლოგიკური კითხვა: თუ ყველა ეს სტრუქტურა და საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესიც ლეგიტიმურია, თვითონ პერმანენტულად რატომ გადიან ხოლმე კონსტიტუციისა და კანონის ჩარჩოებიდან? ეს ფაქტი და ეს პროცესი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ამ რადიკალური დაჯგუფებების მიზანი კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლაა. ვფიქრობ, ამას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებიც კარგად დაინახავენ.
როდესაც მათ უარი თქვეს პარლამენტში შესვლაზე და დახიეს მანდატები, ამითაც უარი თქვეს დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობაზე. მათ, პირველ რიგში, სწორედ საკუთარ ამომრჩეველს, იმ 800 000 კაცს უღალატეს, რომელთა სახელითაც და რომელთა ინტერესებზეც ახლა დაიწყეს აპელირება.
დღეს სასამართლო პროცესზე, თუ არ ვცდები, ნიკა გვარამია ჩვენ, პარლამენტში მყოფ პარტიებს, გვსაყვედურობდა, რომ მათი კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად, შეგვეძლო, არ შეგვეწყვიტა მათთვის მანდატები, რადგან ეს ჩვენი „ექსკლუზიური“ უფლება იყო და თავად უნდა გადაგვეწყვიტა, შევუწყვეტდით თუ არა მათ მანდატებს. მისი თქმით, არ უნდა გაგვეთვალისწინებინა მათი მოთხოვნა. თითქოს ნანობს, რომ უარი თქვეს პარლამენტში შესვლაზე, თითქოს შეცდომად მიაჩნია ეს ნაბიჯი. თუ ასეა, აღიარონ, რომ შეცდნენ, ბოდიში მოუხადონ საკუთარ ამომრჩეველს, იმ 800 000 კაცს, რომელთა სახელითაც ახლა მანიპულირებენ.
არადა, 2020 წლის მოწვევის პარლამენტში, როდესაც მაშინაც უარი თქვეს პარლამენტში შესვლაზე და ჩვენ უარი ვთქვით მათი მანდატების შეწყვეტაზე, საკონსტიტუციო სასამართლოშიც კი ჩიოდნენ: ძალით გვამუშავებენ, არ გვიწყვეტენ მანდატებსო, და თავს ტრეფიკინგის მსხვერპლებად აცხადებდნენ.
როდესაც ერთხელ უღალატებ შენს ამომრჩეველს, უღალატებ მეორედ, მესამედაც. როდესაც არ ცნობ და უპირისპირდები კონსტიტუციურ წესრიგს, ამით საკუთარ თავს კონსტიტუციური წესრიგის მიღმა აყენებ და დარწმუნებული ვარ, სასამართლოს გადაწყვეტილებაც შესაბამისი იქნება,”- განაცხადა სოზარ სუბარმა.
0
0