
„ისტორიამ აჩვენა, რომ იმპერიები მაშინ ინგრევიან, როცა ძალაუფლების შენარჩუნებას ძალადობრივი გზით ცდილობენ. ევროკავშირი დღეს ამ გამოცდას გადის," - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე, რომელიც რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ცენტრისტ ნიკოსურ დენის გამარჯვებას გამოეხმაურა. ამ გამარჯვებით, რუმინეთში დამარცხდნენ ულტრამემარჯვენე ძალები, რომლებიც, როგორც ჩიბურდანიძე წერს, არჩევნებს ევროკავშირის არაფორმალურმა მმართველებმა ჩამოაშორეს.
როგორც ექსპერტმა აღნიშნა, ცალსახადაა გამოკვეთილი, რომ ევროკავშირის „ჩრდილოვანი” მმართველები ადვილად არ თმობენ გავლენას და ეს რუმინეთის მაგალითზე აისახა.
„რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნები განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იყო, რადგან იქ ევროკავშირის არაფორმალურმა მმართველებმა მაღალი რეიტინგის მქონე ულტრამემარჯვენე ლიდერი კალინ ჯორჯესკუ არჩევნებს ჩამოაშორეს. მიუხედავად ამისა, ახალი არჩევნების პირველ ტურში მისი პარტიის წარმომადგენელმა გაიმარჯვა, ხოლო მეორე ტურში კი, ოფიციალური მონაცემებით, ცენტრისტმა ნიკოსურ დენმა.
რატომ ხდება, რომ ევროპულ სახელმწიფოებში ყველა ულტრამემარჯვენე ლიდერი ან არჩევნებს ჩამოაშორეს, ან არჩევნებში დაამარცხეს? რატომ არის ამდენი სამართლებრივი კითხვა იმ ევროკავშირის წინააღმდეგ, რომელიც სამართლიანობაზე აქეთ გვედავება?
ისტორიამ აჩვენა, რომ იმპერიები მაშინ ინგრევიან, როცა ძალაუფლების შენარჩუნებას ძალადობრივი გზით ცდილობენ. ევროკავშირი დღეს ამ გამოცდას გადის. ამერიკიდან ევროპის კონტინენტზე მყარად მოკალათებული „ჩრდილოვანი” მმართველები ასე ადვილად არ თმობენ სადავეებს, თუმცა, არ უნდა დაავიწყდეთ, რომ მათ წინ დგანან ასევე საკმაოდ სახიფათო იდეოლოგიის მქონე პარტიები, რომლებსაც შეუძლიათ ლიბერალური ფაშიზმი ნაციონალისტური კონსერვატიზმით ჩაანაცვლონ.
ულტრალიბერალებს ულტრაკონსერვატორები ძალაუფლებას ალბათ წაართმევენ, მაგრამ რა მოხდება შემდეგ? ეს არის მნიშვნელოვანი კითხვა არამარტო ევროპისთვის.
სანამ ამ პროცესებს ევროპელი მმართველები „უსამართლო სამართლიანობის” პრინციპით გადიან, ჩვენ უმჯობესია პოლიტიკურ კატაკლიზმებს მომეტებული სიდინჯით შევხედოთ. ვნახოთ, სადამდე მივა დემოკრატიის სამშობლოში ერთი ულტრა-ძალის ზეწოლა მეორე ულტრა-ძალაზე,” - წერს თამარ ჩიბურდანიძე.
0
0