
„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებში თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია იყო ჩართული.
როგორც ჩერგოლეიშვილმა სასამართლოში მოწმის საკითხით გამოკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მან ყველაფერი საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით იცის და იმ პოსტებიდან, რაც სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა.
„მოწმედ ვერანაირად ვერ გამოვადგები სასამართლოს იმიტომ, რომ მოწმის სამართლებრივ სტანდარტს არ ვაკმაყოფილებ. ზუსტად ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი. ზუსტად ვიცი, რომ მამუკა ხაზარაძე უკვეთავდა მთელი ამ ხნის განმავლობაში „ტვ პირველს“ პოლიტიკურ დღის წესრიგს. ზუსტად ვიცი, რომ მზია ამაღლობელის საქმე და მისი სასჯელი არის პოლიტიკური წნეხის ქვეშ გაკეთებული, მაგრამ სასამართლოში მოწმედ ვერავის გამოვადგები, რადგან იმისთვის, რომ მოწმე იყო, საკუთარი თვალით უნდა ჰქონდეს ფაქტი ნანახი. მე, როგორც პოლიტიკოსი ყოველთვის ვამხელ იმ მავნებლებს, რომლებიც ისეთ ავანტიურაში ჩაითრევენ ქვეყანას, რაც 4 ოქტომბერს სცადეს. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ჩემს სიმართლეში, რომ ბაჩო ახალაია იყო ამ ყველაფერში ჩართული. უბრალოდ, ეს ყველაფერი მე ვიცი საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით. პირველ რიგში, ლევან ხაბეიშვილის, თინა ბოკუჩავას, რაც მთავარია, ანი ნადარეიშვილის, ბურჭულაძის საჯარო განცხადებებიდან და ნებისმიერი გონიერი, საქმეში ჩახედული ჟურნალისტი ან პოლიტიკოსი იმავეს მიხვდებოდა. ამაზე იქნებოდა საუბარი, ჩვენ რომ რომ გვყავდეს თავისუფალი მედია, რომელიც დონორის დაკვეთის შესრულების ნაცვლად, სიმართლის გამოძიებით იქნებოდა დაკავებული და ხალხის ინფორმირებით“, - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის პოზიციას, თამარ ჩერგოლეიშვილი დარწმუნებულია, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 4 ოქტომბერს დაგეგმილი აქციის საქმის კურსში იყო.
0
0