
ბუნებრივია, დასავლეთი ფულს ხარჯავს დემოკრატიის მშენებლობაში, მათ შორის, დემოკრატიის ექსპორტშიც და ეს სავსებით ნორმალურია, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა თეთრი სახლის მიერ გასაჯაროებულ USAID-ის შიდა დოკუმენტებზე საუბრისას აღნიშნა.
ჩერგოლეიშვილის განცხადებით, ეს არის ამერიკული რბილი ძალა, თუმცა, მისი თქმით, ტრამპის პრიორიტეტი სხვაა, ის არ ხედავს ღირებულებებითად სამყაროს, მას სჭირდება არა იმდენად დემოკრატია, რამდენადაც სტაბილურობა და ივანიშვილთან ვერ ლაგდება, რადგან ივანიშვილი ქვეყანაში სტაბილურობას ვერ აღწევს.
„ჩვენი ქვეყანაც დახარჯავს ფულს თავისი ინტერესების განხორციელებაში, როგორც ჩვენ ვფიქრობთ და ბუნებრივია, ისე განვკარგავთ ყველაფერს, რაც, ვფიქრობთ, რომ კარგია ჩვენი საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის, მშვიდობისთვის. ხომ ვიცით, ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა. 11 სექტემბრის ტრაგედიის, ტერორისტული შეტევის შემდეგ სხვა პოლიტიკა დაიწყო, დემოკრატიის ექსპორტის პოლიტიკა, რადგან დემოკრატიული ქვეყნები ერთმანეთთან არ ომობენ, ქვეყნების დემოკრატიზაცია თუ მოხდება, ის ქვეყნები ერთმანეთთან არ იომებენ და იქნება მშვიდობა. ეს არის ამერიკული რბილი ძალა. ტრამპის პრიორიტეტი სხვაა, ტრამპი არ ხედავს ღირებულებებითად სამყაროს, თავისი ინტერესების სფეროს ხედავს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს რა?! ბიძინა ივანიშვილი ვერ ლაგდება ტრამპთან, რადგან ტრამპს სჭირდება არა იმდენად დემოკრატია, რამდენადაც სტაბილურობა და ვერ აღწევს ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში სტაბილურობას. ამ ქვეყნის, სულ მცირე, ნახევარი ივანიშვილის წინააღმდეგია. ის რომ გამოხატვის თავისუფლებას შეუძღუდავს, პარტიებს აუკრძალავს და გალახავს, ეს არ შველის, რომ ვითარება დაალაგოს, უთხრას, იცი, რა არის? როგორც ლუკაშენკოსთან დალაგდით, ისე დალაგდით ჩემთან. არ არის ქართული საზოგადოება ბელარუსული საზოგადოება. სხვაგან ვართ და ვერ მიაღწევს ბიძინა ივანიშვილი იმას, რასაც ცდილობს“, – აღნიშნა ჩერგოლეიშვილმა.
0
0