02/05/2023
17:22
სამართალი
გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატებმა პროკურატურას საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით მიმართეს. ადვოკატები ასევე, კვალიფიკაციის შეცვლას და ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიების დაწყებას მკვლელობის მუხლით მოითხოვენ.
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საქმეში არსებული მასალები არათუ ეჭვს ბადებს, არამედ, ადასტურებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილი მოკლულია.
„ოფიციალურად ვითხოვთ, რომ დაიწყოს პროკურატურამ ხელმეორედ გამოძიება, დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მოკლული თამარ ბაჩალიაშვილის მამას მინიჭოს და ყველაფერი გაკეთდეს და ჩატარდეს ისე, როგორც სამართლიან და ნორმალურ კანონიერ ქმედებას ახასიათებს.
ყველაფერი, რაც არსებობს საქმეში და რაც ჩვენ მიერ იქნა მოპოვებული საგამოძიებო მოქმედებისას, არათუ ეჭვს ბადებს, პირდაპირ ადასტურებს თამარის მკვლელობას. იგივე ადგილობრივი მოსახლეობის ჩვენებები, ინფორმაციები, რომლებიც ადასტურებენ როგორ ეძებდა მოკლული თამარ ბაჩალეიშვილი გზას. ასე რომ, იმის მტკიცება, რომ გოგომ 70 კმ თვითმკვლელობისთვის გაიარა, აბსურდია.
ასე მარტივად ჩვეულებრივი რიგით მოქალაქე ვერ გადადგამდა ასეთ ნაბიჯს, რომ ასეთი მოცულობის დანაშაული ჩაედინა. ამას ვერ ჩაიდენდა რიგით პიროვნება. ეს იყო კარგად ორგანიზებული, კარგად დაგეგმილი და კარგად მომზადებული დანაშაული,“ - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
ცნობისთვის, ტელეკომპანია "ფორმულასთან" ინტერვიუში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილმა გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ბევრი საეჭვო გარემოებაა და მას თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა.
ამ განცხადების შემდეგ, პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო და გამომძიებელი სერგო შუბითიძე გამოკითხვაზე დაიბარა, თუმცა შუბითიძეს დღეს ჩვენება არ მიუცია. ადვოკატის განმარტებით, სერგო შუბითიძის სურვილია, რომ მან გამოძიების კითხვებს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე უპასუხოს.
შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ის რამდენიმე დღის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და საქმე დაიხურა.
0
0