31/07/2023
12:53
მსოფლიო
ავღანეთში, დასავლეთ ჰერატის პროვინციაში, „თალიბებმა“ ათასობით დოლარის ღირებულების მუსიკალური ინსტრუმენტები კოცონზე დაწვეს და განაცხადეს, რომ მუსიკა "მორალურ გარყვნას იწვევს".
2021 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, „თალიბებმა“ მრავალი შეზღუდვა დააწესეს, მათ შორის, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე საჯაროდ დაკვრასთან დაკავშირებით.
ავღანეთის მუსიკის ეროვნული ინსტიტუტის დამფუძნებელმა აჰმად სარმასტმა „თალიბების“ ქმედებები "კულტურულ გენოციდს და ვანდალიზმს" შეადარა.
„ავღანელ ხალხს შემოქმედებითი საქმიანობის უფლება წაერთვათ... ჰერატში მუსიკალური ინსტრუმენტების დაწვა მხოლოდ მცირე მაგალითია იმ კულტურული გენოციდისა, რაც ავღანეთში „თალიბანის“ ხელმძღვანელობით ხდება“, - განუცხადა სარმასტმა BBC-ს.
„თალიბებმა“ ჰერატში გიტარა, ჰარმონიუმი და ტაბლა - ერთგვარი დრამი - ასევე ხმის გამაძლიერებლები და რეპროდუქტორი დაწვეს. ინსტრუმენტების დიდი ნაწილი „თალიბებმა“ ქალაქში არსებული საქორწილო ადგილებიდან წაიღეს.
ავღანეთში, ხელისუფლებაში „თალიბების“ მოსვლამდე - 90-იანი წლების შუა პერიოდიდან 2001 წლამდე - სოციალურ შეკრებებზე, ტელევიზიასა და რადიოში მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრის ყველა ფორმა აკრძალული იყო.
ხელისუფლებაში „თალიბების“ დაბრუნების შემდეგ, 2021 წლის აგვისტოში, ბევრმა მუსიკოსმა ქვეყანა დატოვა, ხოლო მომღერლები და მუსიკოსები, ვინც ჯერ კიდევ ავღანეთშია, ცემისა და დისკრიმინაციის მსხვერპლია.
0
0