16/05/2023
15:32
მსოფლიო
ტაივანის საკანონმდებლო ორგანომ კანონპროექტი მიიღო, რომელიც ერთსქესიან წყვილებს ბავშვის შვილად აყვანის თანაბარ უფლებას ანიჭებს; შედეგად, ქორწინების თანასწორი უფლების მიღებისთვის ერთ-ერთი დაბრკოლება საბოლოოდ აღმოიფხვრება.
2019 წელს, ტაივანი აზიაში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ერთსქესიანთა ქორწინება დააკანონა, თუმცა ერთსქესიანი წყვილებისთვის ბავშვის შვილად აყვანის თანაბარი უფლებების მინიჭება შეაჩერა. მანამდე მხოლოდ ჰეტეროსექსუალ წყვილებს და მარტოხელა ადამიანებს ჰქონდათ უფლება ეშვილათ ბავშვები, რომლებთანაც მათ არავითარი ბიოლოგიური კავშირი არ ექნებოდათ. ხოლო, როდესაც ერთსქესიან წყვილებს ბავშვის შვილად აყვანა სურდათ, მხოლოდ ერთ-ერთ მათგანს შეეძლო ბავშვის კანონიერ მშობლად საკუთარი თავის დარეგისტრირება, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მიიღებდა მონაწილეობას მის აღზრდაში.
„ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ერთსქესიან წყვილებს შვილად აყვანის თანაბარი უფლება მივანიჭეთ და შეგვიძლია, კანონიერად დავიცვათ ერთმანეთის უფლებები და ინტერესები“, - თქვა ტაივანის მმართველი დემოკრატიულ-პროგრესული პარტიის დეპუტატმა ფან იუნმა, რომელიც აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების ერთ-ერთი ინიციატორია.
ტაივანის ლგბტ უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ „ალიანსი სამოქალაქო პარტნიორობის უფლებების ხელშეწყობისთვის“ ასევე აღნიშნულ გადაწყვეტილებას ქორწინების თანასწორი უფლების მისაღწევად გადადგმული დიდი ნაბიჯი უწოდა.
„დღევანდელი წარმატება მიუთითებს, რომ ტაივანში, ლგბტ პირების უფლებების დაცვასა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაზე, კონსენსუსი მიღწეულია“, - ნათქვამია ალიანსის განცხადებაში.
საკანონმდებლო ცვლილების მიღებამდე, ზოგიერთი ერთსქესიანი წყვილი ტაივანის სასამართლოებში მათდამი მიმართულ დისკრიმინაციას წლების მანძილზე ებრძოდა.
0
0