31/07/2023
11:55
მსოფლიო
ჩინეთს, წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ტაიფუნი „დოქსური“, დაატყდა თავს. სახელმწიფო მაუწყებლის Xinhua-ს ინფორმაციით, პეკინში, ქარიშხლისა და კოკისპირული წვიმის გამო ათიათასობით ადამიანმა სახლი დატოვა. კიდევ 20 000 მოქალაქის ევაკუაცია კი მეზობელი ჰებეის პროვინციის დედაქალაქიდან განხორციელდა.
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქში რამდენიმე რკინიგზისა და მაგისტრალის დროებითი ჩაკეტვა გამოიწვია; დაიკეტა სკოლებიც. ხელისუფლება მოსახლეობას შენობაში დარჩენისკენ მოუწოდებს.
ჩინეთის მეტეოროლოგიური ადმინისტრაციის ცნობით, პეკინში რეკორდული რაოდენობით ნალექია მოსალოდნელი. მისივე პროგნოზით, ძლიერი წვიმა 1 დღე გაგრძელდება, რაც წყალდიდობისა და მეწყერის საშიშროებას გაზრდის.
როგორც სინოპტიკოსები აცხადებენ, ჩინეთი, ისევე როგორც მსოფლიოს უმეტესი ნაწილი, მიმდინარე წლის ზაფხულში ექსტრემალური ამინდის მოვლენებს განიცდის.
„დოქსური“ ყველაზე ძლიერი ტაიფუნია, რომელიც 2006 წლის ტაიფუნ „საომის“ [პროვინცია ფუჯიანში] შემდეგ ჩინეთში დაფიქსირდა. პეკინის მახლობლად ყველაზე ძლიერი ქარიშხალი „რიტა“ 1972 წელს დაფიქსირდა.
0
0