25/12/2024
11:29
მსოფლიო
შიმშილის გლობალური ინდექსის თანახმად, სუდანში შიმშილობა ხუთ რეგიონში გავრცელდა და მაისისთვის, სავარაუდოდ, კიდევ ხუთ რეგიონს მოიცავს. ამავდროულად, მეომარი მხარეები ჰუმანიტარულ დახმარებას კვლავ აფერხებენ.
შიმშილის განხილვის კომიტეტის ტექნიკური ანალიტიკოსების ცნობით, კომიტეტმა სუდანში შიმშილის საფრთხის ქვეშ მყოფი კიდევ 17 რეგიონი გამოავლინა. 24,6 მილიონამდე სუდანელს [ქვეყნის მოსახლეობის ნახევარს], ამჟამად, სასწრაფოდ ესაჭიროება სასურსათო დახმარება. სუდანის მთავრობის განცხადებით, ის აჩერებს მონაწილეობას შიმშილის მონიტორინგის გლობალურ სისტემაში. მთავრობამ შიმშილის განხილვის კომიტეტი "არასანდო ანგარიშების გავრცელებაში დაადანაშაულა, რაც ძირს უთხრის სუდანის სუვერენიტეტსა და ღირსებას".
შიმშილის განხილვის კომიტეტი დამოუკიდებელი ორგანოა, რომელიც ფინანსდება დასავლური ქვეყნების მიერ და მას 19 მსხვილი ჰუმანიტარული ორგანიზაცია და მთავრობათაშორისი ინსტიტუტი ზედამხედველობს. კომიტეტი შექმნილია იმისთვის, რომ კვების კრიზისის გამწვავების შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებს დაუყოვნებლივ აცნობოს, რათა შეძლონ რეაგირება და თავიდან აიცილონ მოსახლეობის მასობრივი შიმშილი.
სუდანის შეიარაღებული ძალები სწრაფი მხარდაჭერის ძალებთან სამოქალაქო ომში არან ჩართულნი და კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ქვეყანაში შიმშილის გამოცხადებას, რადგან, მათი ვარაუდით, ეს საზღვრის კონტროლის შემსუბუქების მიზნით დიპლომატიურ ზეწოლას გამოიწვევს.
0
0